ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს შორის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს შორის

თსუ სტუდენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაივლიან სტაჟირებას და დასაქმდებიან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მოაწერეს.

ხელშეკრულების მიზანია მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის რესურსების გაცვლა და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ. „აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით ბევრი პროექტია განხორციელებული. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებულია.  ბევრი სხვა მიმართულებით ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მომავალშიც,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება,“ - აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ. მისივე თქმით,  მემორანდუმის გაფორმებით უნივერსიტეტთან თანამშრომლობა უფრო ინტენსიური და სისტემური გახდება. „გამოვიყენებთ უნივერსიტეტის უზარმაზარ ინტელექტუალურ რესურსს. სტუდენტები კი სტაჟირებას გაივლიან აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და დასაქმების პერსპექტივაც ექნებათ,“ - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ითანამშრომლებს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიულ ფაკულტეტებთან, აფხაზეთის ენისა და კულტურის  ცენტრთან.

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას თქმით, ფაკულტეტზე სტუდენტების მონაწილეობით აფხაზეთის თემატიკაზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და პროექტი განხორციელებულა. „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისი არსით, სპეციალობებით სწავლობს, იკვლევს და ფიქრობს  აფხაზეთთან ურთიერთობის  პერსპექტივებზე, მის ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა თამარ დოლბაიამ.

თანამშრომლობა ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის, სამართლებრივი  შეფასებისა   და გასაჯაროების ეფექტიანი ფორმების შემუშავება-განზოგადებას, ერთობლივ საქმიანობას აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობისა და მშვიდობის  აღდგენის  საკითხებში.