,,ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა. ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ხდება საქართველოში, ვინაიდან, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და დაინტერესებული ვარ იმ რეფორმებით, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდება,“- განაცხადა ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორმა, პოლონელმა ეკონომისტმა, სახელმწიფო მოღვაწემ და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შემდეგ პოლონელმა ეკონომისტმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“, რომლის დროსაც ისაუბრა ბაზრის თავისუფლების მნიშვნელობაზე, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ნაკლებ ჩარევასა და რეგულაციებზე. ბალცეროვიჩმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა სწორია. თუმცა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ეკონომიკა კი უფრო მეტად კერძო და კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს.
„ლეშეკ ბალცეროვიჩი მხოლოდ თეორეტიკოსი პროფესორი არ არის, მან შექმნა თანამედროვე, განვითარებული და ძალიან წარმატებული ეკონომიკა პოლონეთში; წლების განმავლობაში ეხმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით; ბევრი რამ შეცვალა პოსტსოციალისტურ სივრცეში. ამდენად, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მისთვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ბალცეროვიჩთან უნივერსიტეტის შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
„ვამაყობთ იმით, რომ პროფესორ ბალცეროვიჩს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამით ვადასტურებთ მის მაღალ აკადემიურ მიღწევებს და საზოგადოების განვითარებაში შეტანილ წვლილს,“- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
საჯარო ლექციის შემდეგ ლეშეკ ბალცეროვიჩმა თსუ სტუდენტების, პროფესორებისა და სტუმრების კითხვებს უპასუხა.
ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორი ლეშეკ ბალცეროვიჩი 1989 წელს გახდა ტადეუს მაზოვიეცკის პირველი არაკომუნისტური მთავრობის ფინანსთა მინისტრი და ხელმძღვანელობდა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის შედეგად პოლონეთის ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. ლეშეკ ბალცეროვიჩი ითვლება პოლონეთის 1989 წელს წამოწყებული ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორად. მან დააპროექტა და დაასრულა პოლონეთის ეკონომიკის რადიკალური სტაბილიზაცია და ტრანსფორმაცია კომუნიზმის დაცემის შემდეგ. 2001-2007 წლებში ის პოლონეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1989-1991 და 1997-2001 წლებში ორჯერ გახლდათ პოლონეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე. 1997 წელს ბალცეროვიჩმა დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია Civil Development Forum Foundation, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების (განსაკუთრებით ეკონომიკური თავისუფლების) და ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით. ის დღემდე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
ლეშეკ ბალცეროვიჩი მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. 1992 წელს ლუდვიგ ერჰარდის ფონდმა (Ludwig Erhard Prize) ის დააჯილდოვა ლუდვიგ ერჰარდის სახელობის პრემიით. 1999 წელს, ვაშინგტონის ევროპულმა ინსტიტუტმა (European Institute of Washington) მას ტრანსატლანტიკური ლიდერების ჯილდო გადასცა, ხოლო 1998 წელს მიიღო ცენტრალური ევროპის ჯილდო (Central European Award) როგორც წლის ფინანსთა მინისტრმა. 2001 წელს ბალცეროვიჩს გადასცეს კარლ ბერტელმანის პრემია (Carl Bertelsmann Prize) პოლონეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში გაწეული წვლილისთვის. 2002 წელს მან მიიღო ფაზელის ფონდის (Fasel Foundation) ჯილდო ეკონომიკის განვითარებისთვის. 2004 წელს ბრიტანულმა ყოველთვიურმა გამოცემამ The Banker ბალცეროვიჩი აღიარა ევროპის წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო პრეზიდენტად. ამავე წელს, განვითარებადი ბაზრების ჯილდომ მას მიანიჭა ანალოგიური ჯილდო.
ლეშეკ ბალცეროვიჩი არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ.