უნდათ თუ არა მერაბიშვილთან ალიანსი

უნდათ თუ არა მერაბიშვილთან ალიანსი "ნაცმოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს"? - რატომ დუმან პარტიები?!

სურთ თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკუთარ პარტიაში გაწევრიანება “ევროპულ საქართველოსა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“?!

ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის  წევრები “2020NEWS“-თან კომენტარს არ აკეთებენ. რატომ დუმან პარტიები?

ცალსახაა, რომ მერაბიშვილი ოპოზიციური გაერთიანების აქილევსის ქუსლად იქცა, ამიტომ, როგორც ჩანს, “ევროპულ საქართველოსა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილების წინასწარ შეტანა და სპეკულაციებისთვის დამატებითი საბაბის მიცემა არ სურთ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ “2020NEWS”-თან განაცხადა, გაწევრიანდება თუ არა მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში“, მისთვის უცნობია. ამასთან, დეპუტატი არ აკონკრეტებს, სურს თუ არა მის პარტიას მერაბიშვილთან ალიანსის შექმნა.

“ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში“  შემოვა თუ არა, არ ვიცი. როდესაც მერაბიშვილი თავის პარტიულ აქტივობას გადაწყვეტს, ყველაფერს მაშინ მოგახსენებთ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მერაბიშვილთან დაკავშირებით საუბარი არც “ევროპულ საქართველოში“ სურთ. როგორც “2020NEWS“-თან პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, ახლა მერაბიშვილის მიმართ რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, მასზე ზეწოლის მოხდენას ნიშნავს.

“სანამ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს.  მერაბიშვილი სამარტოო საკანში მარტო იყო გამოკეტილი, მას არავისთან კონტაქტის საშუალება არ ჰქონდა. ის ახლა ფიქრობს, რა მიმართულებით წავიდეს და პოლიტიკაში მონაწილეობა, რა ფორმით მიიღოს. ასეთ ფონზე, ისეთი განცხადების გაკეთება - ჩვენ პარტიაში მერაბიშვილის გაწევრიანება გვინდა თუ არ გვინდა, იქნება მასზე ირიბი მინიშნება ან ზეწოლა, რისი გაკეთებაც ჩვენ არ გვინდა“, -  განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მეგახსენებთ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მერაბიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დაანონსა. რომელ პარტიაში გაწევრიანდება ექსმინისტრი, “ევროპულ საქართველოში“ თუ “ნაციონალურ მოძრაობაში“, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ.მატროსოვის ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა, მათ შორისაა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეები.

ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურა მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.