ლევან კობერიძე: ვანო მერაბიშვილი არ არის ნელსონ მანდელა, ასეთი დანაშაულების შემდეგ ადამიანები ვეღარ უნდა ბრუნდებოდნენ საჯარო სივრცეში

ლევან კობერიძე: ვანო მერაბიშვილი არ არის ნელსონ მანდელა, ასეთი დანაშაულების შემდეგ ადამიანები ვეღარ უნდა ბრუნდებოდნენ საჯარო სივრცეში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში აპირებს ყოფნას და მასთან ვანო მერაბიშვილი მოხვდება, იმ დანაშაულებით დამძიმდება, რომელიც მერაბიშვილს წინა რეჟიმთან ერთად აქვს ჩადენილი.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, ვანო მერაბიშვილს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე ჰქონდა, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტისა და ადამიანების სიკვდილთან დაკავშირებულ დანაშაულებზე.

„ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია, ასეთი ადამიანი საკუთარ თავში როგორ ნახულობს იმის ძალას, რომ კიდევ საჯარო პოლიტიკაში იყოს წარმოდგენილი და საზოგადოებაც როგორ აღიქვამს, რომ ასეთი ადამიანები კიდევ შეიძლება, პოლიტიკის ნაწილი ხდებოდნენ. მგონია, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ ასეთი დანაშაულების შემდეგ ადამიანები ვეღარ ბრუნდებოდნენ საჯარო სივრცეში. ვანო მერაბიშვილი არანაირად არ არის ნელსონ მანდელა. როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილს ეძახის პოლიტპატიმარს, ეს მათი მხრიდან უკვე დანაშაულია. როდესაც თავის დროზე „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა, მახსოვს, ამბობდნენ, „ჩვენ ჩვენს შეცდომებს ვაღიარებთო“. ეს შეცდომები კი არა, დანაშაულია და მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ტიპის დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვერასდროს გახდებიან პოლიტპატიმრები. თუ რომან გოცირიძისთვის ასეთი მტკივნეული იყო და იზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რის გამოც მერაბიშვილი იხდიდა სასჯელს, მის გვერდით საკნებში უნდა მსხდარიყვნენ და აღარ იქნებოდა ეს საუბრები“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.