ზურა დათუაშვილი: ცოტა ღიმილისმომგვრელად ჟღერს, მაგრამ მერაბიშვილს აქვს შანსი, გახდეს ქართული პოლიტიკის მინიატურული ნელსონ მანდელა

ზურა დათუაშვილი: ცოტა ღიმილისმომგვრელად ჟღერს, მაგრამ მერაბიშვილს აქვს შანსი, გახდეს ქართული პოლიტიკის მინიატურული ნელსონ მანდელა

ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

როგორც იქნა, ვნახე "მთავარის" ცხრასაათიან გამოშვებაში სიუჟეტი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ და მოვისმინე მისი პირველი განცხადებები.

გულწრფელად რომ ვთქვა, მართლა მაინტერესებდა. ცხადია, არა იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერისგან რამე განსაკუთრებულს ველოდი. მერაბიშვილის "აიქიუ" ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის, რომ ინტელექტით არც თუ გამორჩეულ ადამიანებს პოლიტიკაში სხვა რამით გამოუჩენიათ თავი. ზოგი ორგანიზატორის უნარით გამოირჩევა, ზოგს თანდაყოლილი ალღო აქვს, ზოგს რა და ზოგს რა. გინდ ასე შეაფასე, გინდ ისე, ვანო საპყრობილედან კარგი პოლიტიკური კაპიტალით გამოვიდა (მისი მომხრეების თვალში, ცხადია). ის ღირსეულად იჯდა, კომპრომისზე არ წასულა, უკან არ დაუხევია, შეწყალება არ უთხოვია. ეს კი პოლიტიკური ლიდერისთვის, დამეთანხმეთ, დიდი განძია. თუ ჭკუას გამოიჩენს, იგი შეძლებს დიდი მოძრაობის სათავეში აღმოჩნდეს. დანარჩენი კი პოლიტიკური პროცესების განვითარებისა და ტექნიკის საქმეა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ შინაგანი მოლოდინი მქონდა, რომ მერაბიშვილი ციხიდან დაღვინებული გამოვიდოდა. აქამდე ვფიქრობდი, მას აქვს შანსი, უპრობლემოდ ჩაანაცვლოს უკვე მთლიანად გაკოტრებულ-მარგინალიზებული სააკაშვილი. პრობლემა მხოლოდ ლიდერის პერსონალური ცვლილება როდია. დღევანდელი ოპოზიციის ფლაგმანს, ყოფილ მმართველ პარტიას, ჰაერივით ესაჭიროება საქმიანობის კონსტრუქციულ რელსებზე გადაყვანა. მისი ახლანდელი რიტორიკა და ფსიქიატრიული შეფერილობის მქონე პერფორმანს-მასკარადები იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, არანაირ შანსს არ უტოვებს ნაცმოს აქამდე მიღწეული შედეგის გასაუმჯობესებლად. თუ ვინმე უშლის ამ პროცესს ხელს, ყოფილი პრეზიდენტია, რომლის ადექვატურობაში ეჭვი, მე მგონი, უკვე მეგი გოცირიძესაც კი ეპარება. ახალი ლიდერის გამოჩენითა და აგრესიულ-ისტერიული რიტორიკის კონსტრუქციულ დიალოგში გადაზრდით არა მხოლოდ თვისობრივად შეიცვლება ქართული პოლიტიკის ველი, არამედ თვით დაქსაქსულ ოპოზიციაშიც შესუსტდება ცენტრიდანული ფაქტორების ეროზიული ზემოქმედება და გაიზრდება მოახლოებულ არჩევნებში წარმატების შანსი.

მერაბიშვილის პირველივე განცხადებამ ცხადყო, რომ ეს ფუჭი მოლოდინია. ბურბონების მსგავსად, საპყრობილეში გატარებულმა პერიოდმა მას ვერც ვერაფერი დაავიწყა და ვერც ვერაფერი ასწავლა. დღეს კამერების წინ იდგა განსხვავებული გაბარიტებისა და ლექსიკის მქონე სააკაშვილი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ ძველი მიდგომებითა და ვორდინგით უმოკლეს ვადაში შეიძლება გაანიავოს თავისი პოლიტიკური კაპიტალი.

ვნახოთ. მას ჯერ კიდევ აქვს დაფიქრების დრო და სხვაგვარი პოლიტიკის განხორციელების შანსი. გამოუვა თუ არა რამე, მთლიანად მასზეა დამოკიდებული. მე არც მისი პერსონალური კარიერა მაინტერესებს და არც პოლიტიკური გუნდის მომხრე ვარ (ფუი ეშმაკს, არული კუდიანებს), მაგრამ როცა ამას ვწერ, სხვა მოტივი მამოძრავებს. ფაქტია, მოქმედ ხელისუფლებას სერიოზული ოპონენტების გარეშე თავს გაუვიდა. სანამ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი და ღირსეული ძალა გამოჩნდება, მანამდე ისევ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვადნოთ უკვე არსებულისგან მაქსიმალური სარგებელი. ამისთვის, პირველ რიგში, ქვეყანაში არსებული კონფრონტაციული ველის შეცვლაა საჭირო და პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავად, მივესალმები, თუ ვინმე მცირედ წვლილს მაინც შეიტანს ამ საქმეში.

ცოტა ღიმილისმომგვრელად ჟღერს, მაგრამ მერაბიშვილს აქვს შანსი, გახდეს ქართული პოლიტიკის მინიატურული ნელსონ მანდელა (ახლა მთლად პირდაპირი მნიშვნელობითაც ნუ გაიგებთ ამ იუმორით ნათქვამს. მადლობა უფალს, ჩვენთან აპარტჰეიდი არ არსებობს).

მანდელასი რა მოგახსენოთ და დღეს საპყრობილედან გამოსული ვანდელა კი ვიხილეთ...

Gami ცოტა გაუგებარია რას წერთ. თუ ვერაფერი დაივიწყა და ვერაფერი ისწავლა, როგორ ჩაუდგება სათავეში "დიდ მოძრაობას/???/" თუ ვანდელაა, მანდელა როგორღა გახდება? ჩამოყალიბდით!
4 წლის უკან