გიორგი გახარია:  საქართველო შესაძლებლობების ქვეყანაა და არა გადატრიალებების, დამხობების, რომელიც წარსულში დავტოვეთ

გიორგი გახარია:  საქართველო შესაძლებლობების ქვეყანაა და არა გადატრიალებების, დამხობების, რომელიც წარსულში დავტოვეთ

დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამ კომენტარით გახარია დამხობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმუარა.

გახარიას თქმით, ხელისუფლების მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა – გადატრიალებების, დამხობების.

„საერთოდ არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვაკეთოთ და ვშრომობთ, რომ ეს ქვეყანა იყოს არა გამოწვევების და დამხობების ქვეყანა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა. საერთოდ, ეს გუშინდელი ძალადობრივი დღეა, დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ კი არ უთქვამს ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანმხდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ მომავლისკენ. დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.