„ვიდრე ნაციონალური მოძრაობა გუდა-ნაბადს არ აიკრავს და მოუსავლეთში არ წავა, მურუსიძის დონეზე დასული ქართული ოცნება წმინდათაწმინდა ძალა იქნება ურყევად“

„ვიდრე ნაციონალური მოძრაობა გუდა-ნაბადს არ აიკრავს და მოუსავლეთში არ წავა, მურუსიძის დონეზე დასული ქართული ოცნება წმინდათაწმინდა ძალა იქნება ურყევად“

ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:

უგულავას ყბადაღებული დაჭერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკური კონტექსტისა და საარჩევნო კალენდრის ფონზე უნდა ველოდოთ, რომ მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტი შეფასდება როგორც პოლიტიკური გათავისუფლება. სხვა ვარიანტი ოპონენტებმა უბრალოდ არ დაიტოვეს - თუ ამ ვითარებაში უგულავას განაჩენს მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვს და თუ მართლმსაჯულება მხედველობაში არ უნდა მივიღოთ, მაშინ ამავე ვითარებაში მერაბიშვილზეც მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში უნდა ვიმსჯელოთ და გამოდის, რომ მისი გათავისუფლებით ივანიშვილი მიტაცებულ სახელმწიფოს აბრუნებს, ხოლო მისი ხელისუფლება გასაოცარი დემოკრატიის დასამკვიდრებლად პოლიტიკოსებს ათავისუფლებს წინასაარჩევნოდ. აი, აქ ვართ, ამ დონეზეა დღეს ქართული პოლიტიკური კლასი და ეს შესანიშნავად ვიცოდით თავიდანვე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გაუგონარი სიჯიუტე ვერაფრით ვერ გავტეხეთ მხურვალე გულშემატკივრებმა და ვერაფრით ვერ დავიყოლიეთ ეს ადამიანი სამართლიანობაზე.

პოლიტიკური პროსტიტუციის ინტენსივობა გვერდზე გადავდოთ ერთი წამით და ამ პროსტიტუციის მხოლოდ მასშტაბი წარმოვიდგინოთ. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ჩამოთრეულ გავრილოვს ლამის ქვეყანა გადააყოლეს და საქართველოს თავისუფლების მთავარ დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნს აგუგუნებენ. იქ, სადაც ეროვნული დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სადაც ისტორიის მიერ ჯვარზე გაკრული საქართველოს ბედი წყდება და სადაც წითელი ოკუპაციის აჩრდილი ისევ ჯიუტად დააბოტებს, ეს ხალხი რუსეთის ჰიმნს უკრავს და სხვათაშორის ამით ფეხქვეშ თელავს იმავე დარბაზში მიღებულ კანონს - საბჭოთა სიმბოლიკის გაჭაჭანება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია(?!)

ნაძირლების ამ კოჰორტამ მოჩვენებით სინდსზეც კი აიღო ხელი და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ იმ ბუმბერაზს, რომელიც მოსვენებას არ აძლევს გალაქტიკას და ეროვნული სიამაყით ვარსკვლავს ვარსკვლავზე წყვეტს თვალისმომჭრელ თანავარსკვლავედში. პლანეტის უძლიერეს ადამიანს მიწასთან ასწორებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური სატელიტი არ არის, ხოლო ქართველ მორაგბეებსა და მეცნიერებს თათხავენ იმის გამო, რომ გაბედეს და საქართველოს ყველა დროის ყველაზე მასშტაბურ ქველმოქმედს დაბადების დღე მიულოცეს.

აღარ ღირს ლაპარაკი ჟურნალისტების, ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც სინდიკატად ჩამოყალიბდა ფაქტობრივად და აღიარებული მიღწევების ჯიუტი გაუფასურებით მზადაა დემოკრატიის გაძლიერებაზე იზრუნოს, ოღონდ ამ ზრუნვის ფარგლებში ხალხის შეკოწიწებულ 48 მილიონს დიდსულოვნად შეარჩენს ნაციონალურ მოძრაობას - მართლმსაჯულება პოლიტიკური დევნაა, ხოლო დევნა აზიანებს დემოკრატიას, მორჩა და გათავდა - 48 მილიონის ხსენება აქ არის მედასავლეთე პატრიოტიზმის ღალატი(?!)

ასე და ამგვარად, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა გუდა-ნაბადს არ აიკრავს და მოუსავლეთში არ წავა, მურუსიძის დონეზე დასული ქართული ოცნება წმინდათაწმინდა ძალა იქნება ურყევად. და ვიდრე ამ სინდიკატის რევანშისტული ცინიზმი იარსებებს, დედის გინება მე არც საკრებულოს თავმჯდომარისგან გამიკვირდება და არც პროფესორისგან. შეგახსენებთ, ეს ის ხალხია, ბერას ახალშობილს რომ წყევლიდა და აგინებდა, ხოლო მათი მეორე ნაწილი ამ წყევლა/გინებას გამოხატვის თავისუფლების მაღალ ღირებულებას ანიჭებდა - ასეთია ნამეუფარი პეტრეს კურთხევა.

და სხვათაშორის, აღმოჩნდა რომ მერაბიშვილი ამათ ყველას ჯობია - წავიდა და მოიხადა სასჯელი, თუმცა ერთი დარჩა, ჯერ-ჯერობით.