მერაბიშვილმა კანონგარეშე, რევოლუციური სცენარი დააანონსა, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მერაბიშვილის განცხადებები რადიკალური ოპოზიციის სცენარში ჯდება და სავარაუდოდ იმ "მეგობრებთან" მოილაპარაკებს, რომლებიც რევოლუციური სცენარის მომხრეები არიან, არ სურთ კომპრომისი და სხვა გზას ხელისუფლების შეცვლისას აპრიორი გამორიცხავენ.
ამასთან, ბოძაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ საკუთარი არაპოპულარული სახეების მუდმივი როტაციით აზარალებენ სახელმწიფოს.
"ვფიქრობ, რომ დროა, ქვეყანამ საკუთარ თავში გამონახოს არა მხოლოდ სურვილი, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში სახეზეა, არამედ ძალაც, რომ თვისობრივი მენტალური ტრანსფორმაცია განიცადოს და ახალ სახეებს, ახლებურ მიდგომებს გზა გაუხსნას. ყველაფერი, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში დეგრადაციული, დრომოჭმული, თანამედროვეობასთან შეუსაბამო და არაადექვატურია. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წელს დავკარგავთ პოლიტიკური ვაკხანალიით იძულებით ტკბობაში და უამრავი საქმე, რომელიც ნამდვილი სახელმწიფოს შექმნისათვის აუცილებელია, კვლავაც გვერდზე დაგვრჩება. ეს არის გზა არსაით, გზა წარსულში, გზა დეგრადაციისკენ და პოლიტიკურ მონოპოლიისკენ.
„ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ საკუთარი არაპოპულარული სახეების მუდმივი როტაციით აზარალებენ სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ მონოპოლიზებული, არათავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ სურთ. ქვეყანას სჭირდება ინოვაციები, განვითარება, პერსპექტივისა და იმედის გაჩენა და არა ერთ წრეზე სიარული ერთი და იმავე სახეებით. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების დროა, მუდმივი შეხვედრები წარსულთან, ერთი და იმავე ხალხის პერმამენტული ტრიალი პოლიტიკურ არენაზე არაფერს კარგს არ მოუტანს ქვეყანას,”- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას მმართველი პარტია ჩამოსცილდება, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".