პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ წულაია ხუთი დღის წინ მერიასთან პერფორმანსის გამართვის დროს ბილწსიტყვაობის გამო დააჯარიმა.
„კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას თავი დაანებეთ, არ ჩაატაროთ პერფორმანსი, არ გალანძღოთ ხელისუფლება, თორემ სულს ამოგაძრობთ ჯარიმებში“, – ამბობს გოგი წულაია, რომელიც დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
გოგი წულაიამ მერიასთან დასანთებად შეშა 13 თებერვალს მიიტანა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.
წულაიას პერფორმანსი სახელწოდებით – „მოდით და გათბით“ ქალაქში ბუნებრივი აირის გამორთვას ეხმიანებოდა.
მისი დაჯარიმება წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა.