„აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების შიშებს საფუძველი არ აქვს“, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კოხრეიძის თქმით, აჭარის მაუწყებელში წლების განმავლობაში ძალიან ბევრი დარღვევა იყო, რომელიც ახლა აღმოჩნდა. როგორც კოხრეიძე ამბობს, თანამშრომლების ნაწილს არ აქვს სურვილი, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ იხილოს.
„პროცესები მიდის ჩვეულებრივად. მე ჩემ საქმიანობას ვაგრძელებ. ისინი გამოხატავენ თავიანთ შიშებს, რომლის საფუძველი არ არსებობს. ერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ, რომ ვინმეს რაიმე ემუქრებოდა ან დაემუქრა. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, როგორ იქნება ყველაფერი. მოტივაცია რა აქვთ, ეს ჩემთვის ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ რაღაც მოტივაცია რომ აქვთ, ეს ფაქტია. მაუწყებელში წლების განმავლობაში იყო ძალიან ბევრი დარღვევა, რომელიც ახლა აღმოჩნდა და მათ არ აქვთ სურვილი, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ იხილოს“, – განაცხადა კოხრეიძემ.
მისივე თქმით, სამსახურიდან გაშვება არავის არ ემუქრება.
„სამსახურიდან გაშვება არავის არ ემუქრება, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ არ ექნება ვინმეს სურვილი. მე ძალით ვერავის დავაკავებ. მჭირდება ეს პროცესი იმისთვის, რომ ცოტა უფრო ეფექტურად განვახორციელო მმართველობა ამ ორგანიზაციის.
სამი თვეა, უკვე მესმის ერთი და იგივე ლაპარაკი. მათ აქვთ თავიანთი განწყობა ჩემ მიმართ არასწორი და აქედან გამომდინარე, ცდილობენ ყველანაირად, შემიშალონ ხელი. ჩარევა არ იქნება გარედან. რაც შეეხება მოადგილეებს, მყავს ორი მოადგილე. ერთ-ერთ მოადგილეს ჰქონდა გადამეტებული უფლებები მონიჭებული წინა დირექტორის მიერ აბსოლუტურად უკანონოდ. მე ეს გამოვასწორე, მეტი არაფერი მიქნია და სამწუხაროდ, ის წავიდა მერე სამსახურიდან. როგორ შეიძლება, საინფორმაციოს სამი ადამიანი აკონტროლებდეს, როგორ შეიძლება. ის იყო ამ ორგანიზაციაში მოადგილე, საინფორმაციოს უფროსი და ჩემი მოადგილე. ეს დიდი პრობლემა იყო. ყველა კითხვაზე ჟურნალისტების რეაქცია არის – ნუ ერევით ჩვენ დამოუკიდებლობაში, ამიტომ შესაბამისად, ვცდილობ, დისტანციურად ვიყო და დავაკვირდე გარედან პროცესებს და ნებისმიერი დარღვევა, როგორც კი გავა ეთერში, რეაგირება მოვახდინო“, – განაცხადა კოხრეიძემ.