სოციალური ქსელების საშუალებით დეზინფორმაციის გავრცელება უფრო და უფრო დახვეწილი ხდება – ეს განცხადება „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მისი კომპანია უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს, რათა შემოწმდეს კონტენტი და უზრუნველყონ მომხმარებლების უსაფრთხოება.
კონფერენციის წარმომადგენლებმა ცუკერბერგს ჰკითხეს, რამდენად უნდა იყვნენ ადამიანები შეშფოთებულები არჩევნებში ჩარევის საფრთხით, რაზეც მარკ ცუკერბერგის პასუხი ასეთი იყო:
„2016 წელს ბრექსიტის დროს და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ყველა ინტერნეტკომპანიამ მაშინვე ვერ გაიგო, რა ტიპის ინფორმაციას ავრცელებდნენ რუსები და სხვა სახელმწიფოები სოციალური ქსელების საშუალებით. ამის შემდეგ ჩვენ ტაქტიკა შევცვალეთ. მას შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტი არჩევნები ჩატარდა, სადაც ჩვენ დავეხმარეთ ადამიანებს, შევქმენით სისტემა, რომელიც ფეიქანგარიშების იდენტიფიცირებას ახდენს. გარდა ამისა, გაცილებით უკეთესი თანამშრომლობა გვაქვს მთავრობებთან და საარჩევნო კომისიებთან“,- განაცხადა „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა.
მარკ ცუკერბერგის თქმით, ყოველდღიურად „ფეისბუქზე“ მილიონი ყალბი გვერდი უქმდება.