4 აპრილს თბილისში ოპოზიცია მასშტაბური აქციის გამართავს აანონსებს და ამის მოსამზადებლად რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას იწყებს. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა თქვეს, იგეგმება პარლამენტის შენობის პიკეტირებაც. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან კონკრეტული თარიღის დასახელება შეცდომა იყო, თანაც ეჭვობს, აქცია როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს, ხელისუფლება რაიმე სახის დათმობაზე წავიდეს.
„საერთოდ, ჯობდა აქციის ჩატარება კონკრეტული თარიღისთვის არ მიებათ. თუ მასშტაბური აქცია არ გამოვა, ეს ოპოზიციისთვის ძალიან ცუდი მაჩვენებელი იქნება. როდესაც აცხადებ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობ და გრანდიოზულის ნაცვლად საშუალო დონის აქცია შეგრჩება ხელში, ეს მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს.
„როგორი აქციაც არ უნდა იყოს, არ მგონია ამან რაიმე კარდინალური ცვლილებები გამოიწვიოს ხელისუფლების პოზიციაში. ხელისუფლებაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეწოლა არსებობს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და თუ რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ამ შემთხვევაში გამოწვეული იქნება სწორედ ამ ზეწოლის შედეგად და არა აქციის მასშტაბურობით.
„აქციის რაოდენობა ოპოზიციისთვის საჭიროა იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით მერყევ ამომრჩევლზე გავლენა მოახდინოს და თავის მხარეზე გადაიყვანოს, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია რა ნაბიჯი გადადგას. ხელისუფლება ამ აქციით გადაწყვეტილებას ნამდვილად არ შეცვლის," - განუცხადა ძაბირაძემ „რეზონასს".