შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1964 წელს დაბადებული მ.მ., 1981 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული დ.მ., 1977 წელს დაბადებული ნ.შ. და 1990 წელს დაბადებული ბ.ჩ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს - მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს.
„ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.
"15-ში ფული არ იქნება-თქვა და თუ შენ 8000 დოლარი საავამყოფოში თუ გეყოს მე ვიყო ბოზ***ლი. ქურდი უცდის მაგ ფულს თან..." - ასეთი სატელეფონო საუბარი მიდიოდა მხარეებს შორის.
„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, დაკისრებული თანხა ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.