ზაზა პაპუაშვილი: „რაც გუშინ მათმა ტელევიზიებმა აჩვენეს, ყოვლად საშინელი, მდაბიო სანახაობაა“

ზაზა პაპუაშვილი: „რაც გუშინ მათმა ტელევიზიებმა აჩვენეს, ყოვლად საშინელი, მდაბიო სანახაობაა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაჭერის ფაქტი არა პოლიტიკური დევნა, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია აქამდეც უნდა დასრულებულიყო.

„გუშინ რა ფარსიც ნახა საქართველოს მოსახლეობამ მათი ტელევიზიებით, წარმოუდგენლად კომიკური და უგემოვნო სანახაობა იყო, მდაბიოც კი. საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ დანაშაულის გამო ადამიანის პასუხისგებაში მიცემაზეა საუბარი და არა პოლიტიკურ დევნაზე. ეს მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს. არის საქმის მასალები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და მთელი პროცედურა. არ მგონია, ეს ადამიანი იყოს ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს. ჭორაობას და ქილიკს თავი უნდა დავანებოთ.

„შეიძლება ადამიანებმა თანაცხოვრება შეძლონ რაღაც პირობების დაცვით, მაგრამ წარმოუდგენელია ამ „პოლიტიკურ ორგანიზაციასთან" თანაცხოვრებაზე, თანაარსებობაზე საუბარი. ბევრმა ვერ გაიგო. ლაპარაკი არის მათ კრიმინალურ მმართველობის პერიოდზე, სადაც მათ დანაშაული მიუძღვით საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე. ამას სჭირდება კანონის ენაზე ახსნა.

„ასე რომ, ეს კოჰაბიტაცია კარგა ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, რადგან მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. მათი ქცევა და კანონის ენაზე პასუხის გაცემა, - ეს არის ცივილური ფორმები სხვა ქვეყანებში, ყოველგვარი აჟიოტაჟის და ფარსის ყურების გარეშე. რაც გუშინ მათმა ტელევიზიებმა აჩვენა, ყოვლად საშინელი, მდაბიო სანახაობაა," - განუცხადა „რეზონანსს" პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, გიგი უგულავას 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

რაც შეეხება ოპოზიციას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეწყვიტა და თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური დევნა დაიწყო.