ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
1918 წლის 6 ივლისს, (დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ თვეზე ცოტა მეტი იყო გასული) მთავრობის კანცელარიაში განსახილველად შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენებითი ბარათი, რომელიც შეიცავდა მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი საგანგებო რაზმის შექმნის აუცილებლობას. მისი ფუნქცია უნდა ყოფილიყო ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის აღმოსაფხვრელად (იგულისხმება: სპეკულაცია, სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისება-ფლანგვა, ძარცვა, საწყობების გადაწვა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების აფეთქება, პოლიტიკური და ეკონომიკური დივერსიები, საბოტაჟი და ა.შ).
ფაქტობრივად, სპეცსამსახურის ფუნქციების მქონე უწყებასთან გვქონდა საქმე.
ამ რაზმის სახელთან ახალგაზრდა რესპუბლიკის ისტორიის არაერთი სახელოვანი ფურცელია დაკავშირებული, მაგრამ ამ პოსტის მიზანი მათ შესახებ საუბარი არაა. საქმე ისაა, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრით, იგი უნდა დაარსებულიყო (გთავაზობთ ციტატას მინისტრის მოხსენებიდან): "6 თვის ვადით, ვინაიდან იმედია, რომ თვით საბრძოლველი მოვლენა მეტს არ გასტანს"
სახლში დასტა-დასტა ბოლშევიკები გყავდეს, მეზობლად საბჭოთა რუსეთი და თურქეთი (სხვებზე აღარაფერს ვამბობ) და ყველა ამ პრობლემის მოგვარებას 6 თვეში აპირებდე - როგორი ოპტიმიზმი და გულუბრყვილობაა ერთდროულად?