სად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ვანო მერაბიშვილი 20 თებერვლიდან

სად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ვანო მერაბიშვილი 20 თებერვლიდან

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს სასჯელის ვადა ეწურება. ის საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს.

ადვოკატზე დაყრდნობით უკვე ცნობილია, რომ პატიმრობიდან გათვისუფლების შემდეგ ის პოლიტკური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა დამატებით დეტალებზე მერაბიშვილი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თავად ისაუბრებს. 

ყოფილ თანაგუნდელს პოლიტიკაში დაბრუნების ნაცვლად „მოგზაურობას და ოჯახით ტკბობას“ ურჩევს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ 2012 წლის არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი მერაბიშვილის შეცომებიც იყო.

ვიხილავთ თუ არა მერაბიშვილს „ევროპული საქართველოს“ რიგებში? ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთო კახიძემ, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი და მენეჯერია, რომლის სახელსაც უკავშირდება საპატრულო პოლიციის და მომსახურეობის სააგენტოს (ზოგადად ერთი ფანჯრის პრინცპის) შექმნა, ასევე რუსულ სპეცსამახურებთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა.

„ის არის ოლიგარქისთვის წინააღმდეგობის გაწევის მაგალითი, რომელიც არსად არ გაქცეულა და ამ წლების განმავლობაში იჯდა სამარტოო საკანში. პოლიტიკაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას თავად გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ის დარჩება პოლიტიკაში. ვანო მერაბიშვილი არის ჩემი მეგობარი. მას მივიჩნევ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად და მენეჯერად. საპატრულო პოლიციის შემქმნელი, მომსახურეობის სააგენტოს და ზოგადად, ერთი ფანჯრის პრინციპის შემქმნელი. ადამიანი, რომელიც წარმატებით შეებრძოლა რუსულ სპეცსამსახურებს და დიდი წვლილი შეიტანა ქურდული სამყაროს დამარცხებაში“, - აღნიშნა ოთო კახიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადების შეფასებას, კახიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ეს ხელის გაშვერის მცდელობაა.

„ჩემი აზრით, ხელის გაშვერა არ არის სწორი საქციელი. ჩემთვის მიუღებელია“, - აღნიშნა კახიძემ.