რა შემთხვევაში დაუჭერენ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ 100/50-ზე საარჩევნო მოდელს მხარს? – ფრაქციის განცხადება

რა შემთხვევაში დაუჭერენ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ 100/50-ზე საარჩევნო მოდელს მხარს? – ფრაქციის განცხადება

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევის მიზნით, პოლიტიკურ ძალებს საკუთარ წინადადებას სთავაზობს. ფრაქციის პოზიცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ გაახმოვანა.

დეპუტატის განცხადებით, ორ თვეზე მეტია, საზოგადოება ელოდება, ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის, თუმცა სამწუხაროდ, დღემდე მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია და პროცესი, პრაქტიკულად, ჩიხშია შესული.

„ჯერ ისევ არ ჩანს ნათლად, მიღწევადია, თუ არა ფართო კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე. 14 ნოემბერს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება ნებისმიერ ფასად – ძალაუფლების დასაბრუნებლად.

კამათი, ძირითადად, მიმდინარეობს მანდატების რაოდენობაზე, რაც „პოლიტიკურ ვაჭრობას“ ემსგავსება და არა ხალხისა და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე. აღნიშნული ვითარება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დემოკრატიის განმტკიცების პერსპექტივებს საქართველოში.

პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ, ვიპოვოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მართებული იქნება ქვეყნისათვის და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია კონსენსუსის მისაღწევად ახალი წინადადებების შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში და ამასთანავე განამტკიცებს ქვეყნის სტაბილურობას“, – აღნიშნავს კობერიძე.

ლევან კობერიძემ ის პირობებიც დააყენა, რომლის საფუძველზეც, მისი ფრაქცია 100/50 მოდელს მხარს დაუჭერს.

„სწორედ კონსენსუსის მიღწევის ხელშესაწყობად, დღეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ გთავაზობთ კომპრომისულ წინადადებას, რომელიც ოთხ ძირითად პუნქტს ეფუძნება: 1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ; 2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის; 3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის; 4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

Aburjga Tasmanieli მე დარწმუნებული და ნებისმიერ მოკამათეს შემიძლია დავუმტკიცო, რომ კობერიძის ჩამონათვალიდან მუხლი - 1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ; - არის ნამდვილი დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე, დიდი დანაშაული! მივმართავ ქართულ ოცნებას, ერთი მისხალი არ დაუთმოთ არც ამ "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციას, არც ნაცებს და არც ევრონაცებს, მითუმეტეს არც უცხო ქვეყნების მოსამსახურეებს-აგენტებს არასამთავრობო ორგანიზაციებს! იმ კონგრესთან და სახალხო პარტიასთან იმუშავეთ, ხომ იცით მათ რაც უყვართ?! ჰოდა იმუშავეთ! როგორც კი ამათ რამეს დაუთმობთ, ამას დათმობას კი არ დაარქმევენ, დაარქმევენ რომ დაგამარცხეს და თავს გამარჯვებულად გამოაცხადებენ! თქვენ კი ისევ და ისევ უნიათოებს, ლუზერებს, უვიცებს დაგიძახებენ! ხალხის, ამომრჩევლის თვალშიც ასე გამოჩნდებით - დამარცხებულები და უნიათოები! ხალხს კი არ უყვარს დამარცხებულები და უნიათოები, ამიტომ აუცილებლად დამარცხდებით! თუ არ გინდათ დამარცხება იბრძოლეთ და შეინარჩუნეთ ჩვენი კონსყიტუციით განსაზღვრული 77-73! თქვენს მხარეზეა სახელმწიფოს უზენაესი კანონი და ხალხის უმეტესობა! თუ ამას არ იზამთ, მაშინ ყველამ დადეთ მანდატები და ხვალვე წადით სახლებში.
5 წლის უკან
Maverick დაუჯერეთ Aburjga Tasmaniel-ს, დაანებეთ თავი პრანჭვა-გრეხას, ხომ უყურებთ თქვენი სიებით პარლამენტში შეოგლიჯინებულმა დაბრაკულმა ნაცებმა, ასოებში გაწვრთნილებმა და მათმა სატელიტებმა გიღალატეს, ობოლივით დაქინძვა დაგიპირეს, ხოლო დაქინძულები თუ არ ვცდები არც თქვენ გიყვართ, ქართველები კი მით უმეტეს მოღალატეებზე, უმადურებზე და დაქინძულებზე აცრილი რომ ვართ ალბათ იცით, ხოლო თუ არ იცით და ჩვენ რჩევას გაატარებთ, ჩვენც გაგატარებთ!...
5 წლის უკან
არაგველი641 გამოსავალი ერთია: საჭიროა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა, მაშინ უკვე ხალხი განსაზღვრავს ქვეყნის ბედს!
5 წლის უკან