აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ პიტ ბუტიჯეჯი მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ძლიერი და ყველაზე რეალური კონკურენტია 2020 წლის არჩევნებზე.
აშშ-ის „დემოკრატიულმა პარტიამ“ აიოვაში ჩატარებული პირველი პრაიმერის შედეგები გამოაქვეყნა. ლიდერობს ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის (South Bend) ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი ხმათა 26.9%-ით, ხოლო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15.6%-ით ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს.
ბუტიჯეჯმა საარჩევნო კამპანია 2019 წლის აპრილში დაიწყო და ის გახდა პირველი გეი, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო.
პიტი და მისი მეუღლე 2017 წელს დაქორწინდნენ. მან ჩასტენ გლიზმანი აპლიკაციის საშუალებით გაიცნო. პიტი და მასწავლებელი ჩასტინი პირველად 2015 წელს შეხვდნენ. ჩასტენი ახლა პიტის გვარს იყენებს.
ამავდროულად, პიტ ბუტიჯეჯი ქრისტიანული ფასეულობების დამცველია. ის მშობლებმა კათოლიკედ მონათლეს, თუმცა თვითონ აცხადებს, რომ კათოლიკეზე მეტად ანგლიკანია.
მალტელი ემიგრანტის შვილი ჰარვარდის კოლეჯში ზუსტად იმ დროს სწავლობდა, როცა ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. ბუტიჯეჯს მიღებული აქვს როდსის პრესტიჟული სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში, მან 7 თვე გაატარა ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ძალების სარეზერვო შემადგენლობაში, როგორც ანალიტიკოსმა და დაზვერვის სამსახურის მძღოლმა. ის ასევე მუშაობდა კონსულტანტად McKinsey & Company-ში. როგორც ამბობენ ბუტიჯეჯი 7 ენაზე ლაპარაკობს, ზოგიერთ მათგანს, მაგალითად ესპანურს და ნორვეგიულს თავისუფლად ფლობს.
თუ ამერიკელები პიტს აირჩევენ, ის გახდება შტატების ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში. ბუტიჯეჯს მხარს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც უჭერს და ამბობს, რომ პიტი „დემოკრატიული პარტიის“ მომავალია.