რას ნიშნავს პირადი შტაბი? ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ ცალკე აწარმოოს საარჩევნო კამპანია? ემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას"? ან ეს ახალი სახეები საიდან მოჰყავს?!, - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აკეთებს, რითაც მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ შბატის გახსნას გამოეხმაურა.
„სააკაშვილი მეტად პარადოქსული ფიგურაა, მას ჰყავს მხარდამჭერები და ფაქტია, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმები ნამდვილად მოაქვს, მაგრამ, იმავდროულად, ის არათუ ვერ აერთიანებს ოპოზიციურ ელექტორატს, აქუცმაცებს მას.
სააკაშვილს ბევრი რამის თქმა შეუძლია. ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს. შესაძლოა, ეს ინიციატივაც ასევე წამოისროლა. თუმცა, შესაძლოა, ასეც არ არის. ისე, სააკაშვილს "ოცნებისგან" პრემია ეკუთვნის, რადგან ასეთი განცხადებით ოპოზიციის რიგებში დაბნეულობა შეიტანა და მეორე მხრივ, მმართველ პარტიას მისცა საშუალება კვლავ ის აქციოს მთავარ საფრთხობელად.
ერთ ვერსიად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მართლაც შექმნას ახალი პარტია და გაეცალოს "ნაციონალურ მოძრაობას". ეს მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მიმართულებით: ახალშექმნილ პარტიას არ ექნება 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა; ოპოზიციას, რომელსაც ჩამოშორდება სააკაშვილის აჩრდილი, რასაც აქამდე კარგად იყენებდა "ქართული ოცნება", უფრო მსხვილი და ძლიერი გაერთიანების შექმნის საშუალება მიეცემა. მოიშორებენ სააკაშვილის ნეგატიურ ტვირთს - ანუ საფრთხობელა სააკაშვილი იქნება ცალკე, დანარჩენი ოპოზიცია კი - ცალკე", - ამბობს ძაბირაძე „კვირის პალიტრასთან".