ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
"სუვერენული თავმოყვარეობა" - ასეთი მოკლე პოსტი დავდე ამას წინათ. ვერ მიმიხვდნენ. ავხსნი.
კატეგორიულად მიუღებელია, როცა ოპოზიცია სთხოვს უცხო ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების დასჯას. სანქციები, ეს იქნება ეკონომიკური, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუ სხვა ხასიათის, არის სასჯელის ფორმა.
საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში იცავენ და არა პირიქით.
ისრაელმა, ახლახანს, საკუთარი მოქალაქე დაიხსნა რუსეთის ციხიდან, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო გასამართლებული.
ასე დაჟინებით, როგორც კონგრესმენებს და სენატორებს ოცნების ლიდერთათვის სთხოვთ სანქციების დაწესებას, პუტინის და მედვედევის წინააღმდეგ არ მოგითხოვიათ.
ჯერ მოდით ხელისუფლებაში და მერე, ვის დასჯასაც აპირებთ, ხომ წერთ შავ სიას, ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობით დასაჯეთ.
რუმინელმა ევროდეპუტატმა ხომ გვასწავლა ჭკუა საერთაშორისო ტრიბუნებს ერთმანეთთან საომარ არენად ნუ იყენებთო?!
ახლა ველოდები როდის გვეტყვის იგივეს რომელიმე ამერიკელი სენატორი ან კონგრესმენი.
ამას წინათ დავწერე არაა ელჩების საქმე ჩვენი პარტიული ლუდერების მომრიგებლობა მეთქი. გამაკრიტიკეს.
ჰოდა, დავუბრუნდები თემას. უცხო ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების დასჯა შეიძლება მოსთხოვოს პირმა, რომელსაც არ აქვს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის შეგრძნება.
ამიტომ, კეთილი ინებეთ პოლიტიკოსებმა და საგარეო არენაზე ქვეყნის ინტერესები დაიცავით, ხოლო ერთმანეთს ოჯახში, ანუ ქვეყნის შიგნით ებრძოლეთ, კანონის ფარგლებში. რამდენჯერ უნდა დავდო ჭაბუას სიტყვები, რომ ქვეყნის გარეთ ქვეყნის დესპანი უნდა იყო?!
ეს ვიგულისხმე სუვერენულ თავმოყვარეობაში. სხვა რა არის თავისუფლება, თუ არა სუვერენიტეტის უზენაესობა?!