ბოკერია: ოპოზიცია საერთო თამაშის წესებზე

ბოკერია: ოპოზიცია საერთო თამაშის წესებზე "ლეიბორისტების" ოფისში საუბრობს, ახალი შტაბი რა საჭიროა?

სააკაშვილის ინიციატივაზე მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბის შექმნასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის საერთო წესებზე შეთანხმება უკვე ხდება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში.

„არ ვიცი საერთოდ რა ფორმატზეა ლაპარაკი. ერთ შტაბთან რატომ უნდა იყოს რაიმე თანამშრომლობა? პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმების ფორმატი არის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრები და ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა შეიცვალოს ეს. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს კარგი კოორდინაცია, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა.

„ამოცანა არის ძალიან მკაფიო: საპროსტეტო აქციების გაგრძელება, რომ ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ და პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, მომზადება იმ სცენარისთვის, რომ თუ ეს არ მოხდება, ამ პოლიტიკური ჭირის მოშორება, რასც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ჰქვია.

ამ პროცესში ჩვენ გვაქვს კარგი კოორდინაცია, საქართველოს უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტო. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხდება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ძალების ძალიან საქმიანი ურთიერთობა და ეს ფორმატი გაგრძელდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პირველი მარტიდან პირად შტაბს ხსნის.

„პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.