ბიბილაშვილი: „სააკაშვილის განცხადებას მეც დღეს დილას გავეცანი, პარტიიდან ჩემი წასვლა ამასთან კავშირში არ არის“

ბიბილაშვილი: „სააკაშვილის განცხადებას მეც დღეს დილას გავეცანი, პარტიიდან ჩემი წასვლა ამასთან კავშირში არ არის“

„სააკაშვილის განცხადებას მეც დღეს დილას გავეცანი. ამაზე არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია და პარტიიდან ჩემი წასვლა ამასთან კავშირში არ არის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭავჭავაძის ცენტრის" ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი, საზოგადოებაში გაჩენილ მოსაზრებას, რომ  „ნაცმოძრაობის" წევრებმა შესაძლოა პარტია სწორედ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივის გამო დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე საქართველოში „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე საკუთარი შტაბის შექმნა დააანონსა, სადაც, მისი თქმით, ოპოზიციის ძველ ლიდერებთან ერთად ახალი სახეებიც იქნებიან.

ბიბილაშვილი ამბობს, რომ მის მიერ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვება სააკაშვილის ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან არანაირ კავშირში არაა.

„მგონია, რომ ჩვენი განცხადება ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობს. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ დე ფაქტო უკვე 2 წელია პარტიულ კონტექსტში აღარ ვიმყოფებით, პარტიულ საქმიანიობაში ჩართული აღარ ვართ, მთლიანად „ჭავჭავაძის ცენტრზე" ვართ ფოკუსირებული და ზუსტად ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ.

„სააკაშვილის განცხადებას მეც დღეს დილას გავეცანი და არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია და პარტიიდან ჩემი წასვლა ამასთან კავშირში არ არის.

„მინდა ყველას ვთხოვო, რომ შეფარული მიზეზების ძებნა ნამდვილად არაა საჭირო, ვინაიდან ამგვარი მიზეზები არ არსებობს.

„ჩემი გეგმები „ჭავჭავაძის ცენტრს" და სამოქალაქო საგანმანათლებლო საქმიანობას უკავშირდება, ეს თავისი არსით ნამდვილად პოლიტიკურია. ყველნაირი მოქალაქეობრივი საქმიანობა პოლიტიკურია და ამას ვაპირებ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში სერიოზულად და სრული დატვირთვით მივყვე.

„არჩევნების შემდეგ რა იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, როგორც ჩვენ განვაცხადეთ, 2020 წლის არჩვნებში არანაირი ფორმით, მით უმეტეს არცერთ სხვა სუბიექტთან მომაწილეობას არ ვაპირებთ", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობა" ზაზა ბიბილაშვილმა, მარიამ გერსამიამ, ნინო კალანდაძემ და ჩიორა თაქთაქიშვილმა დატოვეს.