ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ოპოზიციას უდავოდ ჰქონდა, მართალია, მცირეოდენი, მაგრამ მაინც - შანსი, რომ იგივე გზით, როგორც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა და "ოცნებამ" საარჩევნო მობილიზებით შეცვალა ქვეყნის ხელისუფლება, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია.
ეს შანსი, ცხადია, ოპოზიციას მისცა „ოცნებამ“, როცა პროპორციული არჩევნების თაობაზე საკონსტიტუციო კანონპროექტი პარლამენტში ჩავარდა.
აღმოჩნდა, რომ ნაცურ ოპოზიციას ან არ შეუძლია ანდაც არ სურს ამ გზას დაადგეს: ე.ი. წინასაარჩევნო პროცესი ისე დაგეგმოს და წარმართოს, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტორატის მობილიზება შეძლოს, რაც შეიძლება მეტი მომხრე შეიძინოს.
საარჩევნო მობილიზების ნაცვლად ნაცურად დარაზმულმა ოპოზიციამ აირჩია სრულიად საპირისპირო გზა; ოპოზიციური „სტრატეგია“ და მათი მოქმედების „ლოგიკა“ დესტრუქციული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და თავად მათთვისაც კონტრ-პროდუქტიულია: საარჩევნო მობილიზების ნაცვლად ე.წ. საპროტესტო ტალღის აგორება, „რევოლუციური მობილიზება“ - პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, ვითარების რაც შეიძლება მეტად ესკალაცია, როგორც აშკარადა ჩანს - სრულიად უშედეგოა; ოპოზიცია ზუსტად ისე იქცევა, როგორც ერთ ძველ ქუჩურ სიმღერაშია: „იჭინთება მაგრამ ვერა შვრება...“ ჭინთვასა და ცუდი სუნის დაყენებას სულ უფრო მეტად ემსგავსება როგორც მათი კომიკურად უნიჭო და ვულგარული პერფორმანსები, ასევე ე.წ. საპროტესტო ციებ-ცხელების უკვე ავადმყოფური ჟინით დადგმული ტელე სერიალებიც, რაც მხოლოდ „ამ სიშორეზე გაღმა გასულ" გახელებულთა“ მიმართ თანაგრძნობას თუ გამოიწვევს...
საპროტესტო ტალღის ასაგორებლად უშედეგო და კონტრ-პროდუქტიული აღმოჩნდა ვითომდა საგარეო მხარდაჭერის ორგანიზებაც, რადგან „ოცნების“ მიმართ თუნდაც ნეგატიურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ - არ მიესალმება სუვერენული საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უცხოელების, გინდაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პატივსაცემ პოლიტიკოსთა, რაიმე ფორმით ჩარევას! ასევე, „ოდირის“ ამ პროცესში ჩართვის იმთავითვე ფუჭი და სამარცხვინო მცდელობაც, რასაკვირველია, მხოლოდ სახელს თუ გაუტეხს ნაცურ ოპოზიციას.
ბუნებრივია, ისევ ე.წ. გერმანული მოდელის, რომლის არაკონსტიტუციურობაც, გარდა ნაცურად შეუვალი, უკვე სამასხარაოდ ახირებული პოლიტიკოსებისა, ყველასთვის თვალსაჩინოა, აქტუალიზების ყველა მცდელობა, „ოდირითა“ თუ „უოდიროდ“ აბსოლუტურად უშედეგო იქნება და ძალიან სავალალოა, თუკი ამის დანახვის უნარიც დაკარგა ოპოზიციამ...
აბსოლუტურად მცდარია ის „ლოგიკაც“, რომ თითქოსდა „პროპორციული არჩევნების“ მოთხოვნით საპროტესტო ტალღა ხელისუფლებას დაასუსტებს და თუ მისი დამხობა რევოლუციით არ მოხერხდება, მაშინ სწორედ ეს - ე.ი. საპროტესტო მობილიზება თავისთავად საარჩევნო მობილიზებასაც განაპირობებს. აშკარაა, რომ პირიქით მოხდება - ოპოზიციის სტაბილურ მომხრეებშიც კი, ყალბი და ფუჭი მოლოდინების - არიქა, საცაა დაემხობა „ოცნებაო“, რაც სრულიად უშედეგოდ მთავრდება, გაჩენა საბოლოოდ მათ დემობილიზებასა და დეზორიენტირებას იწვევს.
რაც მთავარია: საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველში მყარდება რწმენა, რომ პროპორციული არჩევნების ჩავარდნა სრულიად მართლზომიერი იყო, ვინაიდან მთავარი არგუმენტი, რომ ასეთი არჩევნები დიდწილად განაპირობებს ქვეყანაში საშიში დესტაბილიზაციის რისკს, თავად ოპოზიციის ამჟამინდელი დესტრუქციულობაა და ამას შესანიშნავად გრძნობს ქართველი ხალხი.
კიდევ ერთიც: საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, არ არსებობს რაიმე ხერხი ან საშუალება, რომელიც ოპოზიციას ამ მავნე და არაფრის მომცემი ჭინთვისგან, რომლის ერთადერთი შედეგი ქვეყანაში მყრალი სუნის დაყენებაა, ხელს ააღებინებს. ამიტომ დასკვნა მარტივია:
თუკი მართლაც ბიძინას „სცენარი“ იყო პროპორციული არჩევნების ჩაგდება, მაშ იგი გენიოსი ყოფილა, რადგან სწორედ გაუთვლია: ამ ნაცურ ოპოზიციას ჯოკერიც რომ ეჭიროს ხელში, კარტს ისე აურ-დაურევს, რომ ბოლოს მათი პოლიტიკა მაინც იმას დაემსგავსება, ბავშვები ბანქოში რომ თამაშობენ - აშენებენ ხუხულას და ვინც ბანქოს ქაღალდს, მნიშვნელობა არა აქვს - გინდა ჯოკერი იყოს და გინდა ტუზ-კოზირი, არასწორად დადებს, ხუხულა დაინგრევა და მოთამაშე „ტუალეტში ჩავარდება!“
ჯოკერი კი მისცა ტუზ-- კოზირთან ერთად ბიძინამ ოპოზიციას, მაგრამ ისინი „ტუალეტში ჩავარდნობანას“ მანამდე ითამაშებენ, სანამ ჩავარდნას ვინ ჩივის - კისერს არ მოიტეხენ?!
თუ ასე უნდათ, ჩავარდნენ ბატონო, მე და თქვენ რა გვენაღვლება?! ხოლო მათ დაყენებულ ცუდ სუნს არჩევნები გაანიავებს!