პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებები, რომ ისინი ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მზად არიან, ოპოზიციის შეცდომების აღიარებაა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ლაგაზიძემ აღნიშნა, „ოპოზიციის მოსაგებ არჩევნებს კონგრესმენები ვერ მოიგებენ და მარტო კონგრესმენების წერილების იმედად ყოფნა არაფრის მომცემი არ არის“.
„ინოვაციური სტრატეგია, რომელიც ხალხს დარაზმავდა ოპოზიციის გარშემო, არ ჩანს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური განწყობა ხალხში არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური განწყობა არ არის დარაზმული სრულად ოპოზიციური პარტიების გარშემო. ერთ მხარეს არის საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი და მეორე მხარეს არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვერ ახერხებენ საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის მობილიზებას საკუთარი ძალის გარშემო. ეს არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯები აქვთ საბოლოო ჯამში. მცირე რაოდენობის ოპოზიციის ლიდერებით დაკომპლექტებული აქციები ხალხში იმედგაცრუებას უფრო აღძრავს, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ხალხის ქუჩაში გამოყვანას. მე რამდენადაც ვიცი, სამართლის ექსპერტები ოპოზიციას ურჩევდნენ, რომ ეუთო/ოდირში არ გაეგზავნათ ეს იმიტომ, რომ ოდირი არაკონსტიტუციურობასთან შესაბამისობას ადგენს საერთაშორისო სამართალთან შესაბამისად. იქ წერია, რომ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისია, მაგრამ კონსტიტუციასთან შესაბამისობა ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა დაადგინონო“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებასთან დაკავშირებით, ლაგაზიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება შექმნის რამდენიმე ახალ ოპოზიციურ ძალას, რომლის მიზანიც ოპოზიციური ერთობის დაქსაქსვა იქნება.
„ხელისუფლება შექმნის კიდევ რამდენიმე ახალ ოპოზიციურ ძალას, ე.წ ცენტრისტულ და შუაშისტურ ძალებს და ამ გზით ის დაქსაქსავს ოპოზიციურ ერთობას. იმის კვალს მე უკვე ვკითხულობ, რომ ასეთი ცენტრისტული ძალა გაჩნდება, რომელიც გამოვა ლოზუნგით „არც ქოცი, არც ნაცი“, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ხელისუფლებასთან კოალიციაში მოგვევლინება. შეიქმნება ე.წ მესამე ცენტრი, რომელიც იტყვის, რომ მისი მისიაა, მოიზიდოს ისეთი ელექტორატი, რომელსაც არც „ნაციონალები“ უნდა და არც „ქართული ოცნება“ და შესაბამისად გარკვეულ რაოდენობას ხმებისას აიღებს, მაგრამ მათი მიზანი იქნება ოპოზიციური ერთობის დაქსაქსვა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და ოთარ კახიძემ დღეს განაცხადეს, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატებით უნდა წარსდგნენ.