„პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა „ნაციონალური მოძრაობა“, ტაიმერი ჩართულია. დღეიდან დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი“,- ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებდა, როდესაც ამბობდა, რომ ეუთოში გერმანული მოდელი გააგზავნეს.
„ამ დღეების განმვალობაში კიდევ ერთხელ ნახავთ რამდენჯერ შეცვლიან პოზიციას. იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და რამდენჯერმე ცვლიან.
თუ ისინი კარგი იურისტები არიან და კითხულობენ ტექსტს, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან ერთი წინადადება – სად წერია, რომ მათი გადმოსახედიდან, გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ეს წინადადება ამოიკითხონ ამ დასკვნიდან.
ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ისინი ვერ და არ დაწერენ შეესაბამება თუ არა კონკრეტული საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციას. პარადოქსია, რომ ოპოზიცია საზოგადოებას ეუბნებოდა თითქოს გერმანული მოდელი გააგზავნეს, რეალურად დამახინჯებული გერმანული მოდელი გააგზავნეს ავღანური საარჩევნო სისტემის ელემენტებით. ეს ხომ სამარცხვინოა.
მე მჯერა, რომ ობიექტური ექსპერტები, არა ბათუ ქუთელიები, დააფიქსირებენ ობიექტურ პოზიციას, რომ ეს ჯგუფები იტყუებიან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გუშინ ეუთო/ოდირის დასკვნა გახდა ცნობილი. ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება „უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას მას შემდეგ შესთავაზა, რაც უმრავლესობამ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.