„თუ საპროტესტო აქციები მიიღებს კანონდარღვევით სახეს, ბუნებრივია, სახელმწიფო პროპორციულად და ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონიერი სახით პროტესტის გამოხატვას.
„თუ ოპოზიციას რაიმე კანონიერი სახით უნდა პროტესტის გამოხატვა პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამის შესაძლებლობა ექნება და სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ უფლების რეალიზებას, მაგრამ, თუ საპროტესტო აქციები მიიღებს კანონდარღვევის სახეს, ბუნებრივია, სახელმწიფო პროპორციულად და ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას. თუ ეს მიიღებს იმ სახეს, რომ ვინმე შეეცდება პარლამენტის სტაბილურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს – ამის უფლებას არავის მივცემთ. თუ მათ სურთ გააგრძელონ საპროტესტო აქციები, მოექცევიან კანონის ფარგლებში და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ თავისი უფლების რეალიზება განახორციელონ. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთი გზით ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ, გარდა საკუთარი თავის მარგინალიზაციისა. დაიწყეს ბოქლომების პერფომანსებით და ბოლოს კომიკურ ვითარებაში მოიქციეს თავიანთი თავი, შემდგომ იყო ცეცხლმოკიდებული კასრები რუსთაველზე და რომლებიც, საბოლო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, შემდეგ მოიგონეს „შავი სიები“ – ესეც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება. მთელი ამ მოქმედებებით თავიანთი თავის მარგინალიზაციას ახდენენ და მათთვისაც უკეთესი იქნება თუ აქციებიდან გადმოინაცვლებენ პარლამენტის შენობაში და გვექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური დებატების გზით ვიმსჯელოთ ნებისმიერ საკითხზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.