ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ჩინეთის ქალაქ ჰარბინში კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. პაციენტი მშობიარობის დროს ორსულობის 38-ე კვირაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ECNS ავრცელებს.

30 იანვარს ექიმებმა მისთვის საკეისრო კვეთით მშობიარობა გადაწყვიტეს, რადგან ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

ახალდაბადებული ბავშვი 3.05 კილოგრამს იწონის. ექიმებმა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპგარის 10-ქულიან შკალაზე 10 ქულით შეაფასეს.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და 3 თებერვლის მონაცემებით 361 ადამიანს მიაღწია.

ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 475 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტრილის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.