მოსკოვში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კურატორი შეიცვალა - ვინ არის მარატ ხუსნულინი

მოსკოვში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კურატორი შეიცვალა - ვინ არის მარატ ხუსნულინი

რუსეთის მთავრობის შეცვლის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის საკითხებში კურატორი პრემიერ-მინისტრის მოადგილე მარატ ხუსნულინი გახდა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თანამედროვე აზროვნების, პროაქტიული და მოაზროვნე პოლიტიკოსია, თუმცა, ამ სფეროში გამოცდილება არ აქვს.

რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით 15 იანვარს, გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა წამოაყენა. დიმიტრი მედვედევი მიხეილ მიშუსტინმა ჩაანაცვლა. რუსეთის დუმამ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. როგორც რუსული მედია იუწყება, მიშუსტინს მთავრობის მეთაურის პოსტზე 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, წინააღმდეგ კი არცერთი წასულა.

„არ მგონია მისი დანიშვნა ჩვენთვის, აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტიდან გამომდინარე, რამეს ნიშნავდეს. ეს ადამიანი წარმატებულ პოლიტიკოსად ითვლება რუსეთში, დიდხანს მუშაობდა მოსკოვის მერის მოადგილედ და ბოლო დროს მოსკოვში რა ცვლილებებიც ხდებოდა - ვიღაცისთვის უკეთესობისკენ და ვიღაცისთვის უარესობისკენ - ამ ყველაფრის ერთ-ერთი ავტორი იყო. მონდომებული, პროაქტიური პოლიტიკოსია, რომელიც რაღაცებს ცვლის, თანამედროვე აზროვნება აქვს," - განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსს".

მისივე თქმით, მარატ ხუსნულინი ინფრასტრუქტურების სპეციალისტია და მის დანიშვნას უფრო მეტად სამეურნეო დატვირთვა ექნება, ვიდრე პოლიტიკური.

„არ მგონია ამ კაცს განსაკუთრებული გამოცდილება ჰქონდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. შეისწავლის, დაელაპარაკება ხალხს და ალბათ ჩაუდგება სათავეში.

„ის ინფრასტრუქტურების სპეციალისტია, მოსკოვში ბევრი ინფრასტრუქტრული პროექტები განახორციელა. მგონი ასევე ამ ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, გააკონტროლებს ამ რეგიონებისთვის გადაცემული ფული როგორ იხარჯება და აშ. ამას უფრო მეტად სამეურნეო დატვირთვა ექნება, ვიდრე პოლიტიკური," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

2010 წლიდან, მარატ ხუსნულინი მუშაობდა მოსკოვის მერის მოადგილედ ურბანული დაგეგმარებისა და მშენებლობისთვის, 21 იანვარს დაინიშნა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი" წერს.