გია ვოლსკი: ” ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უზრდელობაც, არაკორექტულობაც, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მუშტი-კრივს”

გია ვოლსკი: ” ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უზრდელობაც, არაკორექტულობაც, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მუშტი-კრივს”

რასაკვირველია, ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უზრდელობაც, არაკორექტულობაც, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მუშტი-კრივს, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს.

მისივე თქმით, მომავალშიც შეიძლება იყოს „ზღვარგადასული კითხვები” ოპონენტებისგან, მაგრამ მსგავსი ინციდენტები დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიუღებელია.

„მე ვერანაირად ვერ გავამართლებ მუშტი-კრივს, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ხდებოდეს. ალბათ, იგივე უნდა გაგვეკეთებინა მაშინ, როცა ამ შენობაში სასტიკად, ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები კარგად ორგანიზებული შემოტევით. მაშინ რომ მოეხდინა რეაგირება საზოგადოებას, პოლიტიკურ ჯგუფებს, შესაბამისი შეფასება მიეცათ ამისთვის სამართალდამცავ ორგანოებს, დღეს ეს არ მოხდებოდა. ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს დაშვებული. რასაკვირველია, ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში. ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უზრდელობაც, არაკორექტულობაც, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს არანაირ მუშტი-კრივს და ფიზიკურ დაპირისპირებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალშიც შესაძლოა, კიდევ მოხდეს პროვოცირება, კიდევ იყოს ასეთი უხეში, ზღვარგადასული კითხვების გამოყენება და არავითარ შემთხვევაში იმ გზას არ უნდა დავადგეთ, რასაც ჰქვია ყოვლად მიუღებელი გზა განვითარებული დემოკრატიებისთვის,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.