დიდი ომი ევროპაში 2028 წელს - რისთვის ემზადება ნატო

დიდი ომი ევროპაში 2028 წელს - რისთვის ემზადება ნატო

ნატო ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება, რომელიც პოლონეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვისა და საქართველოს ტერიტორიებს მოიცავს. მასში 36 ათასი ამერიკელი ჯარისკაცთან ერთად 20 ათასამდე ნატოს სხვა წევრი და მოკავშირე ქვეყნის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნების სცენარის მიხედვით, 2028 წელს ევროპაში გლობალური სამხედრო კონფლიქტის დაწყებაა მოსალოდნელი. სპეციალისტთა შეფასებით, ეს თარიღი - 2028 წელი - შემთხვევით არაა შერჩეული.

სამხედრო წვრთნები „ევროპის დამცველი 2020" რამდენიმე კვირაში დაიწყება და ივლისის თვემდე გაგრძელდება. სცენარის მიხედვით, 2028 წელს ევროპაში იწყება სამხედრო კონფლიქტი „სამხედრო ძალით ნატო-სთან ახლოს მყოფ" მოწინააღმდეგესთან.

წინასწარი ინფორმაციით, მანევრებისას შეიმუშავენებ „მომავლის ომის" მეთოდებს. გამოყენებული იქნება უახლესი სამხედრო ტექნიკა და ექსპერიმენტალური სტრატეგია.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს არის ევროპელებისა და ამერიკელების პასუხი ჩინეთისა და რუსეთის მიერ 2018 წელს ჩატარებულ მასშტაბურ წვრთნებზე, რომელიც, მისი თქმით, სწორედ ამ მანევრების ანალოგია იყო:

„ეს არის პასუხი იმ ანალოგიური ტიპის წვრთნების ჩატარებაზე, რომელიც რუსეთმა და ჩინეთმა 2018 წელს განახორციელა. (ნატო-ს) სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს სამხედროებიც მონაწილეობენ," - თქვა მაისაიამ.

მისივე განცხადებით, წვრთნების სცენარში 2028 წელი შემთხვევით არ არის ნახსენები. დაახლოებით 8 წელიწადში, რუსეთისა და ჩინეთის გეგმების მიხედვით, მათი სამხედრო ძალების მოდერნიზება თანამედროვე შეიარაღებით დასრულდება, რაც ევროპას აშფოთებს და ომისთვის მზადებას იწყებს:

„ამ პერიოდში, პუტინის გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, მისი აღჭურვა უახლოესი თანამედროვე შეიარაღებით და რუსეთის შეიარაღებულ ძალებში თანამედროვე შეიარაღების მასშტაბმა 80%-ს უნდა მიაღწიოს.

„ანალოგიური გეგმები აქვს დასახული ჩინეთის ხელძღვანელობასაც - რომ ჩინეთის შეიარაღებული ძალები გახდეს საკმაოდ მძლავრი და მედგარი ძალა იმისათვის, რათა მოახდინოს თავისი ჰეგემონობის დემონსტრირება წყნარი ოკეანისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით.

„სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ეს მანევრებიც. თანაც ამ პერიოდში არ არის გამორიცხული ჩინეთმა და რუსეთმა შექმნან ალტერნატიული და სხვა ტიპის სამხედრო კოალიცია. ეს შეიძლება შეიქმნას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საფუძველზე, რომელიც ახლაც საკმაოდ ძლიერია და სავარაუდოდ სამხედრო ელემენტებიც ემატება.

„პუტინი 2024 წლის შემდეგ აპირებს ხელისუფლებაში დარჩეს, როგორც არაფორმალური ლიდერი, მაგრამ უფრო გაფართოებული უფლებამოსილებებით. ეს კი დასავლეთის მხრიდან იწვევს სერიოზულ შეშფოთებას. 2028 წელს პუტინის ავტოკრატიულმა რეჟიმმა უნდა მიაღწიოს თავისი განვითარების პიკს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

Aburjga Tasmanieli ვახტანგ, კი მაგრამ ვისაც არ გვინდა ომი იმათ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ??!! )))
4 წლის უკან
არაგველი641 Aburjga Tasmanieli ვისაც ომი არ უნდა, სწორედაც ის უნდა ემზადოს ომისთვის!
4 წლის უკან