დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებულ იქნა შუამდგომლობა გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებასთან დკავშირებით.
როგორც საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ აღნიშნა, ორივე ინსტანციის სასამართლოზე ბრალდების მხარე ცალსახად მიუთითებდა, რომ ჯანაშიას მიერ განხორციელდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობა. სწორედ ამაზე დაეთანხმა დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე და სწორედ აღიარა და მოინანია დანაშაული, რომელსაც ბრალდება ედავებოდა.
რაც შეეხება ბარბაქაძეს, ბრალდების მხარემ დღევანდელ სასამართლოზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, სადაც მიმოიხილა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ბარბაქაძის ბრალს.
პროკურორის თქმით, ერთ-ერთი მტკიცებულება არის ბარბაქაძის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ იმყოფებოდა ფარდულში, მაშინ როდესაც მთელი ამ სასამართლო პროცესების დროს ამბობდა, რომ არ იმყოფებოდა.
„ეს მტკიცებულება იყო შეტანილი პირველ ინსტანციაში, თუმცა მიგვაჩნია რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და შეფასების გარეშე დატოვა აღნიშნული მტკიცებულება.
გარდა ამისა, მიხეილ კალანდიას მიცემული ჩვენება გუგა ბარბაქაძის მიერ დანის გამოყენების ნაწილში თანხვედრაში მოდის გამოძიების მიერ მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან და ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ გუგა ბარბაქაძე მონაწილეობდა დავით სარალიძის მკვლელობაში“,- აღნიშნა ნადირაძემ.
შემდგომი სასამართლო პროცესი, რომელზეც სავარაუდოდ გამოცხადდება საბოლოო განაჩენი სამშაბათს არის ჩანიშნული.