აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი: თუ ყასემ სოლეიმანის მემკვიდრე გენერლის გზას გააგრძელებს, მასაც იგივე ბედი ელის

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი: თუ ყასემ სოლეიმანის მემკვიდრე გენერლის გზას გააგრძელებს, მასაც იგივე ბედი ელის

ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ბრაიან ჰუკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყასემ სოლეიმანის მემკვიდრე, ისმაილ ყაანი, დაღუპული გენერლის გზას გააგრძელებს, მის ბედს გაიზიარებს.

ინფორმაციას „როიტერსი“ არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თუ ყაანი განაგრძობს ამერიკელების მკვლელობის სოლეიმანის გზას, მას იგივე ბედი ელის. პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი ხანია აშკარა გახადა, რომ ნებისმიერი დარტყმა ამერიკელებზე და ამერიკის ინტერესებზე გამოიწვევს გადამწყვეტ პასუხს. ჩემი აზრით, ირანის რეჟიმი უკვე მიხვდა, რომ მათ არ უნდა მიიტანონ თავდასხმა ამერიკაზე“, - განაცხადა ჰუკმა.

ცნობისთვის, ყასემ სოლეიმანი, ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაური, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში, პენტაგონის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს. მისი მემკვიდრე, „ყუდსის ძალების“ ახალი ხელმძღვანელი აშშ-ის საპასუხო ქმედებებით დაემუქრა.