თინა ბოკუჩავა:  პროპორციული არჩევნები იყო საერთო მონაპოვარი

თინა ბოკუჩავა:  პროპორციული არჩევნები იყო საერთო მონაპოვარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პროპორციული არჩევნები იყო საერთო მონაპოვარი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, ახალგაზრდების დიდი ძალისხმევის, მრავალთვიანი პროტესტის ფასად მიიღო.


თუმცა, ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა და დაპირება არ შეასრულა.


„პროპორციული არჩევნები იყო ის საერთო მონაპოვარი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის სისხლის ფასად, ახალგაზრდების დიდი ძალისხმევის, მრავალთვიანი პროტესტის ფასად მიიღო. თუმცა, ამ დაპირებაშიც ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა ხალხი, საერთაშორისო საზოგადოება და გადალახა ყველა წითელი ხაზი“ ,- განაცხადა ბოკუჩავამ.


თინა ბოკუჩავას განმარტებით, ახლა ოპოზიციური გაერთიანების მიზანია, ბიძინა ივანიშვილს დაათმობინონ ის, რასაც ქართველ ხალხს დაჰპირდა.


„ახლა, ის ერთობა, რაც შეიქმნა ოპოზიციაში, არის მიმართული სწორედ იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მაინც დავათმობინოთ ის, რასაც ქართველ ხალხს დაჰპირდა – ეს არის სამართლიანი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების ცვლილებას, რაც ნორმალურ ქვეყნებში მოცემულობაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამისთვის გვიწევს ასე განგრძობადად ბრძოლა“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


შეგახსენებთ, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი.


ჯაფარიძის უკმაყოფილება გრიგოლ ვაშაძის მიერ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.


ჯაფარიძე პროპორციულ არჩევნებზე ვაშაძის პოზიციას არ ეთანხმება. საკითხს გამოეხმაურა მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილიც.