აფხაზი დეპუტატები ხაჯიმბას ე.წ. ხელისუფლებას კრიმინალისა და კორუფციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ

აფხაზი დეპუტატები ხაჯიმბას ე.წ. ხელისუფლებას კრიმინალისა და კორუფციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები: ლაშა აშუბა, ბატალ აიბა, ასტამურ არშბა და იური ხაგუში თვლიან, რომ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია საზოგადოებრივი ღელვის პროვოცირება აფხაზეთში და წინა ხელისუფლებლასთან იდეოლოგიურად დაკავშირებული საჯარო მოხელეების მიერ ძველი თანამდებობების დაკავება. ამის შესახებ მათ 21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, წერს ინტერნეტგამოცემა „აფსადგილ ინფო“.

დეპუტატების ჯგუფი ბოლოდროინდელი რეზონანსული მოვლენების და მომხდარი დანაშაულებების ფონზე, ხაჯიმბას გადადგომას კანონზომიერებად მიიჩნევს, ისინი „გენერალურ პროკურატურას“ უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

„კარგია, რომ რომ პროკურატურამ დააფიქსირა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისთვის 9 იანვრის აქციის დროს მიყენებული ზარალი, მაგრამ, ვერ შენიშნა ის ზარალი, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიაყენა ქვეყანას ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვერ შენიშნა ნახევარი მილიარდი რუბლის არამიზნობრივად გამოყენება, ვერ შეამჩნია ის დანაშაულებები, რომლებიც ხდებოდა და ვერც ოპოზიციონერი ლიდერის- ასლან ბჟანიას მოწამვლა შენიშნა“,- აღნიშნავენ ისინი.

დეპუტატ ბატალ აიბას თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა მძიმე დანაშაულებების სერია, მათ შორის, ადამიანის გატაცების 18 შემთხვევა. მისი თქმით, წინა „ხელისუფლება“ ძირითადად კრიმინალებს ეყრდნობოდა.

„დეპუტატები“ ხაჯიმბას ხელისუფლებას ფინანსურ დანაშაულში სდებენ ბრალს. მათი თქმით, „სახელმწიფო სისტემის გაჯანსაღების ერთ-ერთი გზა - კორუფციასთან ბრძოლაა“.

მან აღნიშნა, რომ რომ „მეექვსე მოწვევის დეპუტატებმა პარლამენტს განსახილველად წარუდგენენ ანტიკორუფციულ კანონპროექტს“, გაეროს კონვენციის მე - 20 მუხლის შესაბამისად.

„ჩვენ მივიღებთ ამ კანონპროექტს და ის ძალაში შევა ახალი ხელისუფლებისთვის“,- განაცხადა აიბამ.