სტრასბურგის სასამართლომ წინა ხელისუფლებას C ჰეპატიტის მქონე პატიმრების სამკურნალოდ სისტემური ნაბიჯების გადადგმა დაავალა, ხელისუფლებამ კი პასუხად ციხეებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა აკრძალა, რათა პატიმრებს თავიანთი დიაგნოზის შესახებ არ გაეგოთ და მკურნალობა არ მოეთხოვათ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მინდა გითხრათ, რა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ. ეს იყო კონკრეტული ადამიანების ტრაგედია. გეტყვით კონკრეტულ გვარებს – ღავთაძე, მინდაძე, პოღოსიანი და ჯელაძე. ეს ადამიანები სხვადასხვა დროს წინა ხელისუფლების პირობებში პატიმრობაში იმყოფებოდნენ და იმის გამო, რომ პენიტენციურ სისტემაში მათ პერიოდულ კვლევებს არ უტარებდნენ, ისინი იძულებული გახდნენ, მიემართათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.
ეს ადამიანები ითხოვდნენ მკურნალობას, რადგან იცოდნენ, რომ მკურნალობის გარეშე განწირულნი იყვნენ, მით უმეტეს მაშინდელ პენიტენციურ სისტემაში. მათ იდავეს სტრასბურგის სასამართლოში და ეს დავები მოიგეს. მაშინ სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ უნდა უმკურნალოს ამ ადამიანებს, არამედ სისტემური ნაბიჯები გადადგას C ჰეპატიტის მკურნალობის საკითხის მოსაგვარებლად.
მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილებები წაიკითხა და ძალიან ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. მათ უბრალოდ ციხეებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა აკრძალეს. თუ პატიმრებს არ ეცოდინებოდათ თავიანთი დიაგნოზი, ისინი არც მკურნალობას მოითხოვდნენ და არც თავიანთი უფლებებისთვის იბრძოლებდნენ. ამასთან ერთად, მაშინდელმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამ ოთხიდან ერთ-ერთი პატიმარი და სტრასბურგის სასამართლოს უპასუხა, რომ ეს ადამიანი პატიმრობაში აღარაა და, შესაბამისად, სახელმწიფო მას ვერ უმკურნალებდა. სამწუხაროდ, ეს ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისუფლება ამ დიაგნოზის გამო მოიპოვა, გარდაიცვალა ისე, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოგროვება ვერ შეძლო“, – განაცხადა თალაკვაძემ.