ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიასა და კიდევ ერთი პირის, გ.მ.-ს წინააღმდეგ მისცა ჩვენება

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიასა და კიდევ ერთი პირის, გ.მ.-ს წინააღმდეგ მისცა ჩვენება

ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიასა და კიდევ ერთი პირის, გ.მ.-ს წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუგა ბარბაქაძის დღევანდელი ჩვენება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ამასთან, პროკურორის განმარტებით, მოწმის სტატუსით დაკითხულმა მსჯავრდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ ურტყამდა მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს წაწვეტებულ საგანს:

„მოწმემ სასამართლოს მიაწოდა მისთვის ცნობილი ინფორმაცია. ჩვენების შინაარსში არ შემიძლია შევიდე, ვინაიდან, პროცესი დახურული იყო. ერთი ფაქტობრივი გარემოება შემიძლია, მოგახსენოთ, რომ მოწმე გ.ბ.-მ დაადასტურა, რომ მან დაინახა როგორ ურტყამდა მ.კ. დავით სარალიძეს მის ხელთ არსებულ წაწვეტებულ საგანს. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენება შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრალდების მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახლავს. საგნის ზუსტი დასახელება არ მომხდარა, მაგრამ მოწმემ სავსებით გასაგებად აღწერა საგნის პარამეტრები, ფორმა, ზომა, მათ შორის ის პარამეტრები, რომ საგანი იყო წვეტიანი და მას თავისუფლად შეეძლო ის ჭრილობები მიეყენებინა დავით სარალიძისათვის, რა ჭრილობებიც ჰქონდა მიყენებული“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, მოახდენს თუ არა პროკურატურა მოწმის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე რეაგირებას, რომლის მიხედვითაც, დავით სარალიძეს გ.მ.-ც ურტყამდა, პროკურორი აცხადებს, რომ ცალკე გამოყოფილ საქმე კვლავ გამოძიებაშია და ბრალდების მხარე ყველა შესაძლო დანაშაულზე მოახდენს რეაგირებას.

„ამ ეტაპზე განიხილება მ.კ.ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და შემიძლია იმ მიმართულებით ვისაუბრო, რაც მ.კ.-ს ბრალდების საქმეს ეხება. დანარჩენი შეფასდება მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ. ამ საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე ისევ გამოძიებაშია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, შესაბამისად, ბრალდების მხარე რეაგირებას მოახდენს ყველა სავარაუდო დანაშაულის შესახებ, თუმცა, ჯერ ამ საქმეზე უნდა დავამთავროთ მტკიცებულებათა გამოკვლევა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვისაა მსჯავრდებული და მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვით აქვს შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.