რა წამოცდა თეა წულუკიანს სახალხო დამცველთან კამათისას

რა წამოცდა თეა წულუკიანს სახალხო დამცველთან კამათისას

„მგონია, რომ ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში მართლაც სამთავრობო ცვლილებები იქნება", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" იუსტიციის მინისტრია თეა წულუკიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, რომელიც მან პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

„სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა", - თქვა თეა წულუკიანმა.

ძაბირაძე ასევე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებები გაზაფხულისთვის ყველა ვარიანტში მოსალოდნელია.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს უფრო სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება. უფრო ადრე გადადგომას აზრი არ აქვს, თუ, მაგალითად, ხვალ სამთავრობო ცვლილებები უნდა იყოს, დღეს რომ გადადგეს, ამას აზრი არ აქვს, ცუდი იქნება მისთვისაც და ზოგადად გუნდისთვის. ამიტომ მგონია, რომ ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში მართლაც სამთავრობო ცვლილებები იქნება.

„შესაძლოა მთლიანად მთავრობას შეეხოს, პრემიერიდან დაწყებული მინისტრებით დასრულებული, შესაძლოა - მინისტრთა გარკვეულ ნაწილს. როგორ დალაგდება სიტუაცია, ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ სამთავრობო ცვლილებები ამ გაზაფხულზე ყველა ვარიანტში მოსალოდნელია. შესაბამისად, მგონია, რომ სწორედ ამაზე საუბრობდა წულუკიანი,

„ყველასათვის ცხადია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ამგვარ ტემპში არჩევნებამდსე მისვლა „ქართულ ოცნებას" ნამდვილად კარგს არაფერს არ უქადის. ამიტომ ცვლილებები მოსალოდნელია. მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილიც დაბრუნდება თუ არა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩამოაყალიბონ ტაქტიკური გეგმა, თუ როგორ უნდა მივიდნენ არჩევნებამდე. ივანიშვილის პერსონალური დაბრუნება ვერაფერს იზამს, თუ ამას რადიკალური პერსონალური ცვლილებები არ მოჰყვა," - განაცხადა ძაბირაძემ.