ნავთობისა და გაზის კორპორაცია: „ქართული მხარის დადანაშაულება არასწორია. კონგრესმენ მალინს, სავარაუდოდ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს“

ნავთობისა და გაზის კორპორაცია: „ქართული მხარის დადანაშაულება არასწორია. კონგრესმენ მალინს, სავარაუდოდ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს“

ქართული მხარის დადანაშაულება არ არის სწორი და სავარაუდოდ, ადგილი აქვს კონგრესმენ მალინის არასწორ ინფორმირებას ან არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველმა ვაჟა ხიდაშელმა განაცხადა, რომლითაც  კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის პოზიციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ფრონტერასა“ და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს, რომელიც პროდუქციის წილობრივი განაწილების კომერციულ ხელშეკრულებას ეხება.

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი პრეტენზიები „ფრონტერასთან“, რის გამოც დაიწყო საერთოდ ეს დავა. დავა განიხილება საერთაშორისოდ აღიარებული წესების მიერ. ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, პატივს ვცემ მათ და გადაწყვეტილების შესაბამისად მოვიქცევით“ ,- განაცხადა ვაჟა ხიდაშელმა.

ხიდაშელის განმარტებით,  კანონიერების სრული დაცვით მოქმედებენ და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებამდე,  თავს იკავებენ ისეთი სახის ჩარევისგან, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება.

„კომპანიის მიმართ არსებობს პრეტენზიები, რომელიც ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხებს უკავშირდება, თუმცა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე კომენტარის გაკეთება არ მინდა. 2017 წელს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა კონგრესმენებს, რომელთა შორის იყო ასევე კონგრესმენი მალინი“ ,- განაცხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველმა ვაჟა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა, მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა.

ამერიკელი კონგრესმენი „შეშფოთებას გამოთქვამდა დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, „ამერიკული, ასევე  ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და ექსპროპრიაციული თავდასხმის ობიექტები გახდნენ, რისი მაგალითიცაა ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერა“.