მმართველი გუნდი კონგრესმენს პასუხობს: “ფრონტერას” საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და გაუსტუმრებელი დავალიანება აქვს 

მმართველი გუნდი კონგრესმენს პასუხობს: “ფრონტერას” საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და გაუსტუმრებელი დავალიანება აქვს 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენ მალინის საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილ წერილზე დღეს დილიდან შეფასებები კეთდება.

მარკუეინ მალინს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შემცირებაზე საუბრისას, მაგალითად ნავთობისა და გაზის ტეხასური კომპანია “ფრონტერა” მოჰყავს – სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კომპანია “ფრონტერას” საქართველოს სახელმწიფოსთან სასამართლო დავა აქვს და ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

“მაგ კონკრეტული კონგრესმენის განცხადება, როგორც მისი ტექსტიდან იკვეთება, უკავშირდება კომპანია “ფრონტერასთან” დაკავშირებულ დავას. თქვენ იცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს ამ კომპანიასთან აქვს მიმდინარე დავა. შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში, მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს საკითხი განიხილება.

ამერიკელი პარტნიორების შეფასება არის ის, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვის და რაც მთავარია, უსაფრთხოების სფეროში არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში,”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძის ინფორმაციით, 2019 წელს კომპანია “ფრონტერას” ბევრი ადამიანის მიმართ დავალიანება დაუგროვდა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ “ფრონტერას” თავად არ აქვს გასტუმრებული ბევრი ადამიანისთვის ის დავალიანება, რომელიც 2019 წლის მანძილზე მას წარმოექმნა კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს იმას, რომ ყველანაირი საერთაშორისო კომპანია, განსაკუთრებით ამერიკული და ევროპული, სასათბურე პირობებში იყვნენ იმისთვის, რომ მათ შექმნან სამუშაო ადგილები. თავად “ფრონტერას” დავა არის არბიტრაჟში და იმედი მაქვს, რომ ეს არბიტრაჟი გადაწყვეტს სწორედ ამ საკითხს,”- განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ კონგრესის წევრმა მარკუეინ მალინიმ საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილ საკუთარ წერილში შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო.