გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings–მა თიბისი ლიზინგს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით.
Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათაქვამია, რომ თიბისი ლიზინგი ოპერირებს საქართველოში, სადაც იგი წარმოადგენს ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას. თიბისი ლიზინგი უზრუნველყოფს დაფინანსებას კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესისთვის, მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის.
„თიბისი ლიზინგს აქვს ერთიანი სტრატეგიული ხედვა თიბისი ბანკთან, როგორც მის შვილობილ კომპანიას, მაგრამ იგი სრულიად დამოუკიდებელია ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ - ნათქვამია Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„2019 წელი სალიზინგო სექტორისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც კარგად ჩანს - სექტორი 32 %-ით გაიზარდა. ამ ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მოგვენიჭა. Fitch-ის რეიტინგი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.
თიბისი ლიზინგი ბაზარზე კვლავ უპირობო ლიდერად რჩება. კომპანიის მიერ წლის ჯამურმა პორტფელურმა დაბანდებამ 240 მილიონი ლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30 %-ით გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკრედიტო რეიტინგი სამომავლოდ თიბისი ლიზინგის საშუალებას მისცემს დამატებით ფინანსური სახსრები მოიძიოს განვითარების ბანკებიდან და ასევე დაეხმარება ადგილობრივ ბაზარზე საჯარო ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებაში.