სალომე სამადაშვილი:  ქვეყანამ რომ მშვიდად განვითარება განაგრძოს, ხელისუფლებას ერთადერთი გზა დარჩა - იმ საკონსტიტუციო ცვლილების დაბრუნება, რომელსაც ივანიშვილი ამომრჩეველს დაპირდა

სალომე სამადაშვილი:  ქვეყანამ რომ მშვიდად განვითარება განაგრძოს, ხელისუფლებას ერთადერთი გზა დარჩა - იმ საკონსტიტუციო ცვლილების დაბრუნება, რომელსაც ივანიშვილი ამომრჩეველს დაპირდა

იმისთვის, რომ ქვეყანამ მშვიდად განვითარება განაგრძოს და ჩვენ მშვიდად ჩავატაროთ შემდეგი არჩევნები, ხელისუფლებას ერთადერთი გზა დარჩა, ეს არის იმ საკონსტიტუციო ცვლილების დაბრუნება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქართველ ამომრჩეველს დაპირდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან მწვავე პასუხს მიიღებს, თუ ისინი ქართველი ხალხის ხმას არ მოუსმენენ.

„ვფიქრობ, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ მართალია, მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციასთან, მაგრამ მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არის საზოგადოების მოთხოვნა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა კვლევებით, რომ მოსახლეობის უმეტესობას სურს აირჩიოს პარლამენტი პირდაპირი პროპორციული წესით. შესაბამისად, თუ დათმობაზე არ წავა ხელისუფლება, ის კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტს საზოგადოებასთან, რომელიც უკვე არსებობს. „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვანაირად ესახებათ ქვეყნის მომავალი. რაც უფრო დაუპირისპირდება საზოგადოების მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, მით უფრო გაღრმავდება კონფლიქტი. დღეს ხელისუფოებას დარჩა ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდად განვითარება და ჩვენ მშვიდად ჩავატაროთ შემდეგი არჩევნები. ეს არის დათმობა და დაბრუნება იმ საკონსტიტუციო ცვლილების, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ქართველ ხალხს და ქართველ ამომრჩეველს. ჩვენ განვიხილავთ პოლიტიკური ბრძოლის ყველა გზას, მათ შორის, რა თქმა უნდა, აქციებისაც. ხელისუფლება მიიღებს ძალიან მწვავე პასუხს, თუ ისინი არ მოუსმენენ არა ოპოზიციური პარტიების, არამედ ქართველი ხალხის ხმას,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.