თეიმურაზ ჭკუასელი: ივანიშვილს ხასიათს კარგად ვიცნობ, მას პრემიერის თანამდებობა არ ხიბლავს

თეიმურაზ ჭკუასელი: ივანიშვილს ხასიათს კარგად ვიცნობ, მას პრემიერის თანამდებობა არ ხიბლავს

“ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი “2020NEWS”-თან სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც ჭკუასელმა სააგენტოს განუცხადა, საზოგადოება ჭორებს არ უნდა ენდოს.

“ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია სანდო არ არის. მე ყოველ შემთხვევაში,  მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია. სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჩემთვის ჭორის დონეზეა“,- განაცხადა ჭკუასელმა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ის “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხასიათს კარგად იცნობს, ამიტომ ჭკუასელი თვლის, რომ “ოცნების“ ლიდერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას არ დაიკავებს.

“ამ ადამიანის (გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის) ხასიათს კარგად ვიცნობ. ის თავის დროზე პრემიერი იყო. მას ეს თანამდებობა არ ხიბლავს. ახლანდელი პრემიერი, რომელიც ძალიან ჭკვიანია, თავის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს“,- აღნიშნა ჭკუასელმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს და მის ადგილს, სავარაუდოდ, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.