რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გრიგორ ლეფსვერიძის სიმღერების ავტორია

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გრიგორ ლეფსვერიძის სიმღერების ავტორია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ პრემიერმინისტრად წარდგენილი კანდიდატი მიხაილ მიშუსტინი პოპულარული რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის, რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორი აღმოჩნდა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია vedomosti.ru ავრცელებს.

ТАСС-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ მიშუსტინი როიალზე უკრავს.

რუსი ავტორების საზოგადოების (РАО) რეესტრში მითითებულია, რომ მიხაილ მიშუსტინი სიმღერების Зола და Настоящая женщина მუსიკის ავტორია, რომელსაც ლეპსი ასრულებს.

სბერბანკის ხელმძღვანელობამ მიშუსტინს 46 წლის იუბილე გაზეთ კომერსანტის საშუალებით მიულოცა, მილოცვის ტექსტში კი კოლექტივი მიშუსტინის მუსიკალურ ნიჭს უსვამდა ხაზს:

„ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ თქვენ კომპოზიტორიც ხართ, რომელიც შესანიშნავ მუსიკას წერს და რომ ზოგიერთი თქვენი დაწერილი მუსიკა ნამდვილი ჰიტი გახდა“.

თუმცა, გრიგორი ლეპსის წარმომადგენელი vedomosti-ისთან არ ადასტურებს, რომ სწორედ ის მიშუსტინია მუსიკის ავტორი და ამბობს, რომ მისი მოგვარეა.