„ქართულ ოცნება“ ყველაზე ახლოს დგას საზოგადოებასთან“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, იმ 56%-ის უმრავლესობა, რომელმაც არ იცის ვის მისცემს ხმას დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, მომავალში მხარს დაუჭერს სწორედ „ქართულ ოცნებას“.
„გამოკითხულთა ის 56%, რომელმაც არ იცის ვის დაუჭერს მხარს, მე ვიტყოდი, ყველაზე სწორად აფასებს რეალობას. იმიტომ, რომ საზოგადოება უნდა იყოს მომთხოვნი, პირველ რიგში, ხელისუფლების მიმართ იმიტომ, რომ მის ხელშია ბერკეტი და მისგან ელოდება სწორ გადაწყვეტილებებს. მე მაქვს იმედი და წარსულიც მაძლევს ამის იმედს, რომ 56%-ის უდიდესი ნაწილი იქნება „ქართული ოცნების“ მომხრე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, წარსულის მაგალითების გათვალისწინებით, აღნიშნულ კვლევის სანდოობა საკმაოდ დაბალია.
„მე არ ვიტყოდი, რომ არ ვარგა ეს კვლევა და არც კი ღირს, რომ მას გადავხედოთ. ნებისმიერი კვლევა, მიუხედავად მისი სანდოობისა თუ ხარისხისა, საინტერესოა. მე ყველა კვლევას ვაკვირდები იმიტომ, რომ ყველაში შეიძლება ნახო რაღაც საშენო, რომელიც შემდგომ გამოგადგება წინასაარჩევნო სამზადისისთვის. რა თქმა უნდა, მიუხედავად ბევრი ცდომილებისა, თითოეულმა პარტიამ შეიძლება ეს კვლევა გამოიყენოს სათავისოდ, რომ სწორად დაგეგმოს თავისი მომავალი.
მე, ხშირად, ამ კვლევების მოლოდინს შევატრიალებ ხოლმე და შემდგომ შედეგიც სასურველი დგება. ანუ ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ეს შეიძლება გამოიყენო ისე, როგორც მე ვიყენებ ამ კვლევებს, მაგრამ, ასევე შეიძლება ეს გამოვიყენოთ შეფასებისთვისაც. როცა წარსულში ამხელა ცდომილებაა ყველა მიმართულებით და შედეგი რეალურად დგება სხვა, ვიდრე მანამდე მოწოდებული, რა თქმა უნდა, მისი სანდოობის ხარისხი საკმაოდ დაბალია და ნდობას აღარ იმსახურებს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.