ლევან ბოძაშვილი:  რუსეთის პრემიერად წარდგენილი მიშუსტინი საგადასახადო სამსახურიდან მოდის, ის პუტინის მხრიდან სრულად კონტროლირებადი იქნება

ლევან ბოძაშვილი:  რუსეთის პრემიერად წარდგენილი მიშუსტინი საგადასახადო სამსახურიდან მოდის, ის პუტინის მხრიდან სრულად კონტროლირებადი იქნება

პუტინის საკონსტიტუციო და სამთავრობო ცვლილებები საქართველოს უსაფრთხოებისთვის არაფერს ცვლის, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა რუსეთში განვითარებული მოვლენები.

მისივე თქმით, ახალი ცვლილებებით პუტინი აპირებს რუსეთის კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტიზაციას საერთაშორისო კანონმდებლობაზე ანუ საერთაშორისო ხელშეკრულებები მხოლოდ მაშინ იმოქმედებს თუ ისინი არ შეეწინაღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას.

„არც ამ ცვლილებებით, არც საპრემიერო კანდიდატურით, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და სტრატეგიულ დოქტრინალურ მიდგომაში არაფერი იცვლება. ამავე დროს ძალოვან მიმართულებებზე კონტროლი კვლავაც პრეზიდენტის ძალაუფლებას დაექვემდებარება. ეს კი იგივე საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას ნიშნავს, რაც რუსეთს აქამდე ჰქონდა. არ ველოდები, რომ რაიმე არსებითი ცვლილება მოხდება საქართველოსთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკაში. რუსეთისთვის დამახასიათებელი ძლევის მანია, რომელიც განმსაზღვრავია ამ პოლიტიკის, არც ახლა შეიცვლება. პუტინის მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები არსებითად აძლიერებს საპრეზიდენტო მმართველობას რუსეთში. პრეზიდენტის ინსტიტუტი კვლავაც რჩება ძალაუფლების მთავარ წყაროდ რუსეთის ფედერაციაში. საპარლამენტო უფლებამოსილებებში ცვლილებები კოსმეტიკურია და იქ, სადაც პრეზიდენტი პარლამენტთან „თათბირობდა“, ახლა პარლამენტი „ამტკიცებს“ პრემიერს, თუმცა ყველა ძირითად თანამდებობას პრეზიდენტი წარადგენს, მათ შორის პრემიერსაც. სასამართლო ხელისუფლებაზე პრეზიდენტის გავლენა ძლიერდება, იქმნება ფედერაციის სუბიექტთა საბჭო პრეზიდენტთან, რაც არსებითად ზედა პალატის პარალელური სტრუქტურა იქნება და გააძლიერებს პრეზიდენტის მმართველობას რეგიონებში. ნიშანდობლივია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის დამატებითი ცენზი შემოაქვს, კერძოდ, 25-წლიანი რუსეთში მუდმივი ცხოვრების ვალდებულება და პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის, მათ შორის მოსამართლეებისა და დეპუტატებისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის აკრძალვა. ასევე, კანდიდატები არც მანამდე უნდა სარგებლობდნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეობით, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ოლიგარქიას პუტინი პოტენციურ კონკურენტად განიხილავს და იმ შემთხვევაში თუ ის 2024 წელს პრემიერობას გადაწყვეტს, ამ გადაწყვეტილებით თავის საპრეზიდენტო პოტენციურ კანდიდატს კონკურენტებს აცილებს“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

იგი არც იმას გამორიცხავს, რომ 2024 წლის შემდეგ პუტინი რუსეთში კვლავ პრეზიდენტად დაბრუნდეს.

„რუსეთის პრემიერად წარდგენილი მიშუსტინი, რომელიც 2010 წლიდან რუსეთის საგადასახადო სამსახურის უფროსი იყო და არასოდეს ყოფილა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე, პოტენციური კანდიდატია 2024 წლის პრეზიდენტობისთვის. ის იქნება პუტინის მხრიდან სრულად კონტროლირებადი, რადგან ისეთ კორუფციულ ქვეყანაში როგორიც რუსეთია, საგადასახადო სამსახური სუფთა ვერ იქნება, შესაბამისად, კომპრომატებიც უკვე ექნება პუტინს გადანახული. ამავე დროს, მიშუსტინი ზუსტად ის კანდიდატი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც ერთგვარ რეპრესიებს წამოიწყებს პოტენციურად „ურჩი“ ოლიგარქების მიმართ ქვეყნის შიგნითაც. თუმცა, არც ის გამოირიცხება, რომ პუტინი 2024 წლის მერეც შეეცადოს პრეზიდენტად დარჩენას.

მისი თქმით, მას ჯერ კიდევ დეკემბერში აქვს ნათქვამი, რომ ერთადერთი სიტყვა, რომელიც მას ხელს უშლის ამაში არის „ზედიზედ“. დასაშვებია, რომ ამ ცვლილებების დამტკიცების პროცესში ეს შეიცვალოს. მანამდე კი, მიეცემა თუ არა მიშუსტინს საკადრო თავისუფლება და დარჩება თუ არა ლავროვი თანამდებობაზე, გამოაჩენს თუ რამდენად სერიოზულ ფიგურასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ბოძაშვილმა.