გუდაურში ახალი სასტუმრო „გუდაური ლოჯი

გუდაურში ახალი სასტუმრო „გუდაური ლოჯი" გაიხსნა

თბილისიდან 120 კილომეტრში, ზამთრის სწრაფად განვითარებად, სპორტულ კურორტ გუდაურში ახალი სასტუმრო „გუდაური ლოჯი" გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. გამორჩეული დიზაინის მქონე ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო, 4 კატეგორიის 121 კომფორტულ ოთახს აერთიანებს. სასტუმროს სკი დეპო დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის ტექნიკურ სერვისსა და უახლესი სათხილამურო ინვენტარით მომსახურებას სთავაზობს.

ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორანი „კულინარიუმ ხაშერია" სტუმრებს, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული კერძებით უმასპინძლებს. რესტორნის ტერასიდან, სადაც apres-ski ბარი მდებარეობს, კავკასიონის ულამაზესი ხედი იშლება.

ნულოვან სართულზე დამსვენებლებს ლობი ბარი (სასმელებისა და წასახემსებლების მრავალფეროვანი არჩევანით), ენოთეკა (150-ზე მეტი დასახელების უნიკალური ქართული ღვინის კოლექციით) და Concept Store მოემსახურება.

მთიდან დაბრუნებისას სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ სპა ცენტრში, სადაც ისარგებლებენ მასაჟის ოთახებით, აუზით, ღია ჯაკუზითა და კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზით.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს.