პაატა ზაქარეიშვილი: ” ხაჯიმბას სამარცხვინოდ მოუწია წასვლა და მის გუნდშიც ძლიერი ფიგურა არავინაა – აშკარად ჩანს, რომ ბჟანიას გუნდი იმარჯვებს აფხაზეთში ”

პაატა ზაქარეიშვილი: ” ხაჯიმბას სამარცხვინოდ მოუწია წასვლა და მის გუნდშიც ძლიერი ფიგურა არავინაა – აშკარად ჩანს, რომ ბჟანიას გუნდი იმარჯვებს აფხაზეთში ”

ვიდრე ქართული პოლიტიკა არ შეიცვლება, მანამდე აფხაზური პოლიტიკაც არ შეიცვლება ქართული პოლიტიკისა და ქართული მხარის მიმართ, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებსა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 22 მარტს გამართვასთან დაკავშირებით განუცხადა.

„მოგეხსენებათ, ორი გუნდია – პირობითად, არძინბას გუნდი და ასევე პირობითად, ანქვაბის გუნდი. ალექსანდრე ანქვაბი 2014 წელს ასევე ამ ფორმით გააგდეს პოლიტიკიდან, ეს სწორედ ხაჯიმბამ გააკეთა – მაისში, ასევე შეტევით შეუვარდნენ სასახლეში და გააგდეს, წავიდა მოსკოვში და ახლა დეპუტატია, მაგრამ ძალიან გავლენიანი ფიგურაა აფხაზეთში. მისი გუნდიდან იყო ბჟანია, რომელიც მოწამლეს და ასევე მისი გუნდიდან იყო კვიცინია. პრაქტიკულად, ეს ორი გუნდი ერთმანეთს ებრძვის და ხან ერთი იმარჯვებს, ხან – მეორე. ამ ე.წ. არჩევნებისთვის ჯერჯერობით კანდიდატები დაყენებული არაა, ალბათ, ასლან ბჟანია დააყენებს, ან ალხაზ კვიცინია, მაგრამ ეს ნაკლებად მგონია. ბჟანია ავად იყო და იმიტომ არ აყენებდა თავის კანდიდატურას, როგორც ჩანს, უკვე გამოჯანმრთელდა და მარტისთვის კიდევ უფრო გამოჯანმრთელდება, ამჟამადაც მკურნალობს. ხაჯიმბას კი არ უთქვამს, დააყენებს თუ არა ხელახლა თავის კანდიდატურას, წესით, არ უნდა დააყენოს, რადგან ძალიან დისკრედიტირებულია, მაგრამ მათ გუნდში არ ჰყავთ მეტ-ნაკლებად სერიოზული ფიგურა. პრაქტიკულად, ხაჯიმბას გუნდი განწირულია დამარცხებისთვის, რადგან თავად დისკრედიტირებულია, ძალიან სამარცხვინოდ მოუწია წასვლა და მის გუნდში ძლიერი ფიგურა არავინ არ არის. ამ ე.წ. არჩევნებზე აშკარად ჩანს, რომ ბჟანიას გუნდი იმარჯვებს აფხაზეთში“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ამ ე.წ. არჩევნების შემდეგ არაფერი შეიცვლება, რადგან თავად საქართველოს პოლიტიკა არ იცვლება.

„ჩვენ თუ არ შევიცვალეთ, ისე რა უნდა შეიცვალოს? რატომღაც, გვგონია, რომ ჩვენ ვართ ანგელოზები და აფხაზები არიან ცუდები და უნდა შემოტრიალდნენ. ჩვენთან რაც ხდება, მოგვწონს? მოგვწონს „გადამგდები“ ხელისუფლება და ა.შ.? ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს შეიძლება იყოს გალის რაიონის მიმართ დამოკიდებულებაში, ანუ, გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა შეიძლება, შედარებით შემსუბუქდეს, მაგრამ საქართველოს მიმართ რატომ უნდა შეიცვალოს, რა ხდება საქართველოში ასეთი განსაკუთრებული და რატომ უნდა შემოტრიალდნენ ჩვენკენ, არ მესმის. ხედავთ, ისინი ვითომ დამოუკიდებლები არიან და მთელ მოლაპარაკებებს ესწრებოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. რა დამოკიდებულებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რუსეთი იქ მთლიანად ფლობს ვითარებას.

ჩვენ ხომ მათ არ ველაპარაკებით. ჩვენი ამპარტავნული, კუდაბზიკური დამოკიდებულებით მაქსიმალურად მივუყარეთ აფხაზური და ოსური მხარეები რუსეთს და ამიტომ, ისინი რატომ უნდა შეიცვალონ ჩვენ მიმართ? ისინი გვეუბნებიან, თუ არ გვცნობთ, როგორც კონფლიქტისა და მოლაპარაკების მხარეს, საერთოდ, რაზე უნდა გელაპარაკოთ. ამიტომ, ვიდრე ქართული პოლიტიკა არ შეიცვლება, მანამდე აფხაზური პოლიტიკაც არ შეიცვლება ქართული პოლიტიკისა და ქართული მხარის მიმართ“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.