აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა - დაინიშნა გამეორებითი არჩევნები

აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა - დაინიშნა გამეორებითი არჩევნები

აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 2019 წლის შემოდგომაზე გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად ცნო, ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დე ფაქტო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაუქმდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლიდან უნდა გაიმართოს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%.

2020 წლის 10 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზმა აქტივისტებმა, რომლებიც 9 იანვარს სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დე ფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით ე.წ. პარლამენტმა ხაჯიმბას ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდა, ხაჯიმბამ კი ოპოზიციას ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა.