გია ვოლსკი: “გამორიცხეთ ის, რომ აშშ- ის რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით. მთავარია, ტენდერი ჩატარდეს პროფესიონალურად”

გია ვოლსკი: “გამორიცხეთ ის, რომ აშშ- ის რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით. მთავარია, ტენდერი ჩატარდეს პროფესიონალურად”

გამორიცხეთ ის, რომ აშშ- ის რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით. მთავარია, ტენდერი ჩატარდეს პროფესიონალურად , – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, რამდენად პრიორიტეტული იქნება ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციის მონაწილეობა.

მისივე თქმით, მთავარია, შემოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც ვალდებულებებს შეასრულებს.

“ამერიკული კომპანია საკმაოდ ინტენსიურად მონაწილეობს საქართველოს პორტების და სატრანზიტო სისტემების განვითარების პროექტებში, სახელმწიფო ორგანიზაცია “ოპეკი” არის შემოსული უშველებელი ინვესტიციით, აქედან გამომდინარე, საერთოდ გამორიცხეთ ის, რომ აშშ- ის რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით. ასე რომ, მთავარია, ტენდერი ჩატარდეს პროფესიონალურად და შემოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც ვალდებულებებს შეასრულებს,” – აცხადებს გია ვოლსკი.

რაც შეეხება მისივე თანაგუნდელის, რომან კაკულიას განცხადებას, გია ვოლსკი ამბობს, რომ თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ შეიძლება ისიც ითქვას, რომ რუსეთმა ზეწოლა სწორედ კონსორციუმზე მოახდინა, რათა მას არ შეესრულებინა ვალდებულებები. თუმცა, აქვე განმარტავს, რომ ის ამ ლოგიკას არ იზიარებს და პორტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში გარე ფაქტორების როლს გამორიცხავს.

“რუსული საფრთხე ყოველთვის იარსებებს, მე არ ვიცი, ბატონმა რომანმა რა თქვა, მაგრამ ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ გამოდის, რომ კონტრაქტების შეუსრულებლობა არის ის, რაზეც რუსეთმა შეიძლება თავის ძალისხმევა მიმართოს და კონსორციუმმაც მაშინ, რუსეთის ზეწოლით არ შეასრულა თავისი ვალდებულებები და აქედან გამომდინარე ჩაიშალა ეს კონტრაქტი. მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით დაზუსტებები მოეთხოვება, საჭიროც არის, მაგრამ რეალური ფაქტი რაც არის, მონაცემები არ მეტყველებს იმაზე, რომ გარეშე ფაქტორი არის აქ განმაპირობებელი. არსებობდა კონტრაქტი, სახელმწიფოს ვალდებულებები, რომელიც შესრულებულია და კონსორციუმის შეუსრულებელი ვალდებულებები.

მთავარია, გამოცხადდეს ტენდერი და ისეთი კომპანია შემოვიდეს, რომელიც შეასრულებს ვალდებულებებს,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.