"თვითმფრინავის აფრენამდე 20 წუთით ადრე ვესაუბრე, ის ძალიან ნერვიულობდა, ვუთხარი, არ ენერვიულა, რადგანაც არაფერი მოხდებოდა - ამის შესახებ CNN-ს ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ქალის, შეიდა შედკოს მეუღლე უყვება.
შეიდას ქმარი ჰასან შედკო იხსენებს, რომ მისი მეუღლე ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულ ურთიერთობებს განიცდიდა.
"თვითმფრინავის აფრენამდე 20 წუთით ადრე ვესაუბრე. ის ძალიან ნერვიულობდა და ღელავდა ირანისა და აშშ-ის დაძაბული ურთიერთობების გამო. მას სურდა, რომ ჩემგან მოესმინა, რა ვითარება იყო მსოფლიოში და რომ ომი არ იწყებოდა. მე ვუთხარი, არ ენერვიულა, რადგანაც არაფერი მოხდებოდა“, - ყვება ჰასან შედკო.
საბედისწერო რეისის მგზავრი შეიდა შედკო, ირანიდან ჯერ კიევში, ხოლო შემდეგ, კანადაში მიფრინავდა. შეიდა შედკო სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა თეირანში და შვებულებას დედასთან და დებთან ატარებდა. შვებულების ამოწურვის შემდეგ კი, უკან, კანადაში, ტორონტოში ბრუნდებოდა. როგორც საერთაშორისო მედიები წერენ, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა. „სიბიესი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ სატელიტმა ორი რაკეტის გაშვების ინფრაწითელი შუქი დააფიქსირა, რის შემდეგაც რადარზე კიდევ ერთი აფეთქების გამოსახულება გამოჩნდა.
თეირანში 8 იანვარს მომხდარმა ავიაკატასტროფამ რომელსაც, თვითმფრინავის 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა მსოფლიო შეძრა.
ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. თავის მხრივ, ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა და რაიმე ხარვეზი დაფიქსირებული არ ყოფილა.